26 აგვისტო 2026,   22:16
ვრცლად
"ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის გეგმა გაშიფრულია" - რა გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში სუს-ის მორიგ განცხადებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმეზე მოპოვებულ ინფორმაციას ასაჯაროებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დღეს და მომდევნო 3 დღის განმავლობაში, ადგილობრივი დანაშაულებრივი ჯგუფი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კოორდინაციით, რადიკალური განწყობების წახალისებას და ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყებას გეგმავს. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ სცენარში მონაწილე პირების განზრახვით ვითარების ესკალაცია, საბოლოოდ ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი გეგმის შემსრულებლების განზრახვა, საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა და საბოლოოდ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა. ამის დასტურად უსაფრთხოების სამსახურს მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, შენიღბული პირების მხრიდან სამართალდამცველებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი შემთხვევები მოჰყავს.

სუსი დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ ეპიზოდად ჟურნალისტებზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ თავდასხმას განიხილავს. ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის თქმით, სუს-ის მიზანი, მოქალაქეების ფსიქოლოგიური ტერორია.

სალომე ზურაბიშვილის მსგავსად ფიქრობს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახური დემონსტრანტების დაშინებას ცდილობს და მომდევნო დღეებში მათ დასაშლელად ემზადება.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება პრევენციულია, ისევე როგორც არჩევნებამდე 10 დღით ადრე გავრცელებული ინფორმაცია, სადაც კონკრეტულ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნის, დესტაბილიზაციის და დაპირისპირების მოტივით, ყალბი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, ხელოვნური ინტელექტს გამოიყენებით შექმნას და მის გავრცელებას გეგმავდნენ. ქართულ ოცნებაში დღეს გაიხსენეს სუსი სხვა გაფრთხილებებიც, სადაც აქციებზე პროვოკაციების მოწყობაზე, ძალადობრივი სცენარების განვითარებას და სამთავრობო შენობების ბლოკირება-პარალიზებაზე იყო საუბარი. სუსი ასევე ირწმუნებოდა რომ საქართველოში ორგანიზაცია “კანვასის“ ტრენინგების შესახებაც, სადაც სერბი ტრენერები ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილი რევოლუციური პროცესებისთვის ახალგაზრდების გადამზადებას ახდენდნენ.

სახელისუფლებო გუნდის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების უმრავლესობა მალევე ახდა. უსაფრთხოების სამსახური, მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიმართავს-ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით დააფიქსირონ და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

დღის ამბები