26 აგვისტო 2026,   20:56
ვრცლად
ირანს არ მივცემთ საშუალებას, რომ თავს დაგვესხას და თუ, ამას მაინც გაბედავენ მიიღებენ ისეთ საპასუხო დარტყმას, რაზეც არასდროს უოცნებიათ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ირანიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების სამი შესაძლო სცენარი განიხილეს - შეთანხმება, სამხედრო მოქმედება და ბლოკადის გამკაცრება.

მისივე თქმით, თეირანთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, თუმცა ისრაელი მზადაა თავის დასაცავად და ირანის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, რეჟიმმა უპრეცედენტო სიმძლავრის საპასუხო დარტყმა მიიღოს.

"რაც შეეხება იმას, რომ ირანიდან საფრთხე აღარ უნდა მოდიოდეს. რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტ ტრამპს თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში ვესაუბრე. ჩვენ განვიხილეთ სამი შესაძლო ვარიანტი.

მე მას ვუთხარი, რომ პირველი ვარიანტი - შეთანხმების მიღწევაა. თუ ეს კარგი შეთანხმება იქნება, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ იმ ჯგუფთან, რაიმე სახის შეთანხმების დადება საერთოდ შესაძლებელი იყოს. პირდაპირ გეუბნებით, მათთან შეთანხმება შეუძლებელია.

მეორე ვარიანტია, "კინეტიკური", ანუ, მარტივად რომ ვთქვათ - სამხედრო მოქმედება. მე მას ვუთხარი: ჩვენ მზად ვართ. ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს. არ მივცემთ ირანს იმის საშუალებას, რომ თავს დაგვესხას. და თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ისინი ამას მაინც გაბედავენ მიიღებენ ისეთ საპასუხო დარტყმას, რაზეც არასდროს უოცნებიათ. ბევრად უფრო ძლიერს, ვიდრე აქამდე ოდესმე მიუღიათ.

მე ასევე ვთქვი, რომ არსებობს მესამე ვარიანტიც - ბლოკადის გამკაცრება. გუშინ მან ეს გადაწყვეტილება ძალიან, ძალიან მკაცრი ნაბიჯით დაადასტურა. ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ გააკეთა, იყო ბლოკადის გამკაცრება არა უშუალოდ ირანზე, არამედ იმ პირებზე, ვინც ამ რეჟიმს, ამ საშინელ დიქტატურას ეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თუმცა მინდა გითხრათ, რომ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს. ირანთან დაკავშირებული საფრთხე ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ასევე უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს ღაზაში, ლიბანსა და სხვა ფრონტებზე,"- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები