04 ივნისი 2026,   20:18
ვრცლად
ჩვენი მიზანია, თავიდან ავარიდოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გადაქცევა დიდი ძალების ჭიდილის ასპარეზად და მათი ჩათრევა მარიონეტულ ომებში - ჯეფრი საქსი

"ჩვენი მიზანია, თავიდან ავარიდოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გადაქცევა დიდი ძალების ჭიდილის ასპარეზად და მათი ჩათრევა მარიონეტულ ომებში" - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანალიტიკოსმა ჯეფრი საქსმა საქართველოში, თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმის ფარგლებში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

ჯეფრი საქსის განცხადებით, ამის ნათელი მაგალითია უკრაინა, რომელსაც მისივე თქმით, საკმაოდ მრავალწახნაგიანი და წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს:

"ვეცდები, მოკლედ შევაჯამო ჩემი სათქმელი. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გადაქცევა დიდი ძალების ჭიდილის ასპარეზად და მათ ჩაბმა მარიონეტულ ომებში („proxy wars“). მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შევინარჩუნოთ ეს პოზიცია მაშინ, როდესაც სუპერსახელმწიფოები მცირე ტერიტორიების კონფლიქტში ჩათრევას და მათ გამოყენებას ცდილობენ. ამის ნათელი მაგალითია უკრაინა, რომელსაც საკმაოდ მრავალწახნაგიანი და წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს.

ვიცით, რომ ეს საკმაოდ სადავო ისტორიაა, თუმცა ჩემი შეფასებით, შეერთებულ შტატებს ეს იდეა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში სრულიად ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული. რეალურად, მისი საწყისები ცივი ომის პერიოდს - 1940-იან წლებს უკავშირდება. კერძოდ, მიიჩნევდნენ, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეულ პოლიტიკურ კონტროლს მოიპოვებდა და, რაც მთავარია, სამხედრო წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში, ეს მისი კონკურენტისთვის გამანადგურებელი დარტყმა იქნებოდა (იგულისხმება საბჭოთა კავშირი 1991 წლამდე, ხოლო შემდგომ - რუსეთი).

ჩემი გაგებით, უკრაინა ჯერ კიდევ 1940-იან წლებში იყო ამერიკელი სტრატეგების სამიზნეში, როგორც პოტენციური არეალი საბჭოთა კავშირის შესასუსტებლად. ხოლო 1991 წლის შემდეგ, უკრაინა შეერთებული შტატების მიერ ნამდვილად განიხილებოდა სტრატეგიული თვალსაზრისით, როგორც მოსაპოვებელი პრიზი და ამით დიდი მეტოქის, რუსეთის შესასუსტებლად. ეს ძალიან მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ზბიგნევ ბჟეზინსკის ნაშრომებში, რომელიც იყო მთავარი სტრატეგი; რა თქმა უნდა, იგი გახლდათ პრეზიდენტ კარტერის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი, ხოლო შემდეგ, 1990-იან წლებში, უკიდურესად გავლენიანი მრჩეველი ვაშინგტონში. 1997 წელს თავის წიგნში "დიდი საჭადრაკო დაფა" და მნიშვნელოვან ესეში რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Foreign Affairs-ში, ბჟეზინსკიმ ჩამოაყალიბა ხედვა, რომ უკრაინა გამხდარიყო ნატოს ნაწილი და ამით ქცეულიყო ამერიკული ძალაუფლების ფუნდამენტურ პლაცდარმად ევრაზიაში და რუსული ძალაუფლების ფუნდამენტურ დანაკარგად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში.

ამრიგად, ამ საკვანძო სახელმწიფოს, უკრაინის, ხელში ჩაგდება, რაც ეტიმოლოგიურად „საზღვარს“ ნიშნავს, შეერთებული შტატების მიერ სტრატეგიულ მიზნად განიხილებოდა. სამწუხაროდ და, ჩემი აზრით, სრულიად თავიდან აცილებადი გზით, უკრაინა ღია ბრძოლის ველად და უკიდურესად სახიფათო ომის ეპიცენტრად იქცა. ეს კონფლიქტი ნაწილობრივ გამოიწვია 2014 წლის თებერვლის გადატრიალებამ, რომელსაც შეერთებული შტატები აქტიურად უჭერდა მხარს, და ნატოს გაფართოების პოლიტიკამ. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ნათლად აჩვენებს იმ საფრთხეებს, რაც სადავო ტერიტორიებზე ორ სუპერსახელმწიფოს შორის „დიდ თამაშს“ ახლავს თან,"- აცხადებს ჯეფრი საქსი.

პროფესორი, ასევე 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იდეამ, რომ საქართველო უნდა გაწევრიანებულიყო ნატოში ისევე, როგორც უკრაინა, გამოიწვია 2008 წლის ომი.

ჯეფრი საქსის თქმით, თავიდანვე აშშ-ის იდეა იყო, რომ რეგიონი სადავო ზონად გადაექცია:

"სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ სამხრეთ კავკასიას ამერიკული წარმოდგენით (რომელსაც დიდი გეოგრაფიული სიღრმე არ ახასიათებს) რუსეთის "რბილ მუცელად" (სუსტ წერტილს) განიხილება. შესაბამისად, თუ შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში აქტიურად იქნება წარმოდგენილი, ეს უკრაინაში მათ აქტიურ ყოფნას დაემსგავსება. ამ მიდგომის გატარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხორციელდებოდა ისევე, როგორც ეს ხორციელდებოდა უკრაინაში 1940-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული - ფარული ოპერაციებითა და რეგიონში ჩართულობით, ხოლო 1991 წლის შემდეგ, ფერადი რევოლუციების სერიითა და აშშ-ის ჩართულობით, გაჩნდა იდეა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანებულიყო ნატოში ისევე, როგორც უკრაინა. ჩემი აზრით, სწორედ ამან გამოიწვია 2008 წლის ომი. მაგრამ ეს თავიდანვე აშშ-ის იდეა იყო, რეგიონი სადავო ზონად გადაექცია.

ამას ჩვენ მსოფლიოს ბევრ კუთხეში ვხედავთ. ვხედავთ ახლო აღმოსავლეთშიც, აღმოსავლეთ აზიაშიც. ეს საკმაოდ სახიფათო თამაშია. მას უკვე 175 წლის წინ უწოდეს „დიდი თამაში“. თუმცა ეს არ არის თამაში და არ ემსახურება იმ რეგიონების ხალხს, რომლებიც დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ეპიცენტრში იმყოფებიან. ეს უკანასკნელნი არა რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ საკუთარი გავლენის გასაფართოებლად მოქმედებენ.

თუმცა, ისტორიიდან ისიც ვიცით, რომ არსებობს გამოსავლის გზები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გეოგრაფიული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ რეგიონების ნეიტრალიტეტი, რომლებიც დიდ სახელმწიფოებს შორის მდებარეობენ. ასე რომ, იდეა იმ სახელმწიფოების შესახებ, რომლებიც აღიარებულნი არიან, როგორც არცერთი დიდი სახელმწიფოს საკუთრება და რომელთა გამოც არ უნდა მიმდინარეობდეს აქტიური დავა დიდ სახელმწიფოებს შორის, ასევე არის გეოპოლიტიკური ისტორიის ნაწილი სულ მცირე 2000 წელია და მას ძალიან ღირსშესანიშნავი ისტორიული შედეგები აქვს, როდესაც მისი მიღწევის შესაძლებლობა ეძლევათ. ჩემი საყვარელი მაგალითი ამისა ევროპულ კონტექსტში იყო ნეიტრალიტეტი, რომელიც ავსტრიაში 1955 წელს დამყარდა - რასაც მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირმა, რათა ეჩვენებინა, რომ ავსტრია შეიძლება ყოფილიყო ნეიტრალური სახელმწიფო მის დასავლეთით მდებარე ნატოსა და აღმოსავლეთით მდებარე საბჭოთა სამხედრო პაქტს, „ვარშავის პაქტს“ შორის; და რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებით და არცერთ მხარეს ალიანსში არგაწევრიანებით, მას შეეძლო უსაფრთხოდ დარჩენა. ეს გადაწყვეტილება ავსტრიელებმა 1955 წელს მიიღეს საბჭოთა კავშირთან ერთად იმ საფუძველზე, რომ ნეიტრალიტეტი გამოიწვევდა საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანას. 1955 წელს შეთანხმება შედგა, ნეიტრალიტეტი დამკვიდრდა ავსტრიის სახელმწიფო პრინციპად, საბჭოთა ჯარები სახლში წავიდნენ და ფაქტია, ავსტრია მას შემდეგ აღარავის შეუწუხებია - ის ორივე მხარის მიერ იყო აღიარებული და დაფასებული თავის ნეიტრალიტეტში.

ეს მრავალი მაგალითიდან ერთ-ერთი, მაგრამ მაინც უაღრესად წარმატებული მაგალითია. საბჭოეთს სურდა, რომ ეს ნეიტრალური გერმანიის მაგალითად გამოეყენებინათ, რაც შეერთებულმა შტატებმა არასოდეს მიიღო. ვფიქრობ, ცივი ომი 1955 წელსვე დასრულდებოდა, აშშ-ს ნეიტრალური გერმანია რომ მიეღო. ამის ნაცვლად, აშშ-მა დასავლეთ გერმანია ნატოში გააწევრიანა და ცივი ომი 1989 წლამდე გაგრძელდა,"- აღნიშნავს ჯეფრი საქსი.

ჯეფრი საქსი აცხადებს, რომ მას ძალიან აშფოთებს ევროკავშირის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში და ფიქრობს, რომ ეს სრულიად უადგილო და უკიდურესად სახიფათო თამაშია, რაც აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირის მისიას:

"ასე რომ, დღევანდელ მსოფლიოში გონიერების გარკვეული გაკვეთილები გვაქვს სასწავლი. ჩვენ წინაშეა რამდენიმე ზესახელმწიფო: შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და, მე ვიტყოდი, ინდოეთიც, რომელიც თავისი მესამე უდიდესი ეკონომიკით, ბირთვული პოტენციალითა და მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ასევე დიდ ძალას წარმოადგენს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზეა წამყვანი სახელმწიფოები და სადავო რეგიონები. ჩემი აზრით, კაცობრიობისთვის უპირველესი პრიორიტეტი დიდ სახელმწიფოებს შორის ბირთვული ომის თავიდან აცილებაა, ხოლო მეორე - შუაში მოქცეული ქვეყნების დაცვა მარიონეტულ (პროქსი) კონფლიქტებში ჩათრევისგან.

სწორედ ამ კონტექსტში წამოვაყენე იდეა, რომელსაც მე "უსაფრთხოების სფეროებს" ვუწოდებ, განსხვავებით "გავლენის სფეროებისგან". გავლენის სფეროები გულისხმობს, რომ დიდ ქვეყანას, მაგალითად რუსეთს, აქვს უფლება იბატონოს სამხრეთ კავკასიაში, ან შეერთებულ შტატებს აქვს უფლება დომინირებდეს ვენესუელისა თუ კუბის პოლიტიკაზე. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მიდგომას. თუმცა, ვეთანხმები პრინციპს, რომ რუსეთს აქვს უფლება მოითხოვოს, ნატო არ გაფართოვდეს უკრაინასა თუ საქართველოში; შეერთებულ შტატებს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ რუსული სამხედრო ბაზები არ განთავსდეს მექსიკაში, კუბასა თუ კანადაში; ხოლო ჩინეთს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ შეაიარაღოს ტაივანი. ეს არის უფლებები, რომლებიც გარკვეულწილად ფუნდამენტურია გლობალური უსაფრთხოებისთვის. არსებითად, დიდ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, სხვა დიდმა ძალებმა მათ საზღვრებთან საფრთხე არ შეუქმნან მათსავე უსაფრთხოებას.

ამიტომ, ვისურვებდი, რომ სამხრეთ კავკასიის მსგავსი რეგიონების გამო ნატო სხვებს არ დაუპირისპირდეს, უკრაინა აბსოლუტურად ნეიტრალურ სახელმწიფოდ დარჩეს, დიდმა ძალებმა კი პატივი სცენ ერთმანეთის წითელ ხაზებს, ნაცვლად იმისა, რომ შედარებით პატარა ქვეყნებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ. პირიქით - ისინი კარგი მეზობლები უნდა იყვნენ. მიმაჩნია, რომ მცირე რეგიონებსა და პატარა ქვეყნებს ისეთ მხარეებში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა და რომლებიც ბევრ რეგიონულ სახელმწიფოს შორის მდებარეობენ, ავტონომია, უსაფრთხოება და ნეიტრალიტეტი უნდა ჰქონდეთ. მოკლედ, ეს არის ჩემი ხედვა ამ საკითხზე. მე ძალიან მაშფოთებს ევროპის - და ევროპაში ვგულისხმობ ევროკავშირს - ჩარევა სამხრეთ კავკასიაში. ვფიქრობ, ეს სრულიად უადგილოა. ეს უკიდურესად სახიფათო თამაშია, რაც აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირის მისიას. სამხრეთ კავკასია ნებისმიერ შემთხვევაში აზიის ნაწილია და გეოგრაფიულად არ მიეკუთვნება ევროპას, რადგან კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით მდებარეობს. ჩვენ არ უნდა ვთამაშობდეთ გეოპოლიტიკურ თამაშებს; ჩვენი მიზანი კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს. ასე რომ, სიტყვას კვლავ თქვენ გითმობთ, პასკალ,"- აღნიშნავს ამერიკელი ანალიტიკოსი ჯეფრი საქსი.

დღის ამბები