08 აგვისტო 2026,   07:00
ვრცლად
ევროსაბჭოს რეზოლუცია აგვისტოს ომის შესახებ - რატომ დაეთანხმა ქართული მხარე ქართველი სამხედროების დადანაშაულებას

რატომ დაეთანხმა ქართული მხარე ქართველი სამხედროების დადანაშაულებას? - საკითხი აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზეც ღიად რჩება. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუცია ქართველ სამხედროებს ომის დაწყებასთან ერთად, ომის დანაშაულებსაც აბრალებს, ისევე როგორც რუსულ ჯარს. დოკუმენტს რუსეთმა ხელი არ მოაწერა. განსხვავებით სააკაშვილის გუნდისგან, რაც წლებთან ერთად კიდევ უფრო ბევრ შეკითხვას აჩენს - ყოფილი ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ქვეყნისა და ქართული ჯარის დაზიანებაზე. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას, 2008 წელსვე.

ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 - 2008 წელს, აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაამტკიცეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას მაშინ "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობდა. კენჭისყრას პარტიის წევრები ესწრებოდნენ. მიიღეს დოკუმენტი, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები რუსული ძალების მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა.

ამავე რეზოლუციით, ქართველ სამხედროებს უკავშირდებოდათ ძალების არაპროპორციული გამოყენება და სამხედრო დანაშაულის ჩადენა. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი წლებია, მაინც ამტკიცებენ, რომ რეზოლუციაზე მხარდაჭერით სარგებელი უფრო მეტი ნახეს. გამონაკლისი არც დღევანდელი განცხადება ყოფილა. სააკაშვილის გუნდში, დღეს, იმის დამტკიცებასაც ცდილობდნენ, რომ მკაფიო ჩანაწერების მიუხედავად, დოკუმენტი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

რა იყო ეფექტური მუშაობა, როდესაც უკრაინის ომისგან განსხვავებით, 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქცია არც ერთ ქვეყანას არ დაუწესებია, ოკუპანტი კი რუსეთს სამართლებრივად, მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაერქვა. მმართველი პარტიის თქმით, აგვისტოს ომიდან მალევე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მხარდაჭერილ ამ რეზოლუციას სხვა ახსნა არ აქვს, თუ არა გარე მითითებების შესრულება. დღეს გაიხსენეს ისიც, რა მასშტაბის ძალისხმევა დასჭირდა ასეთი დოკუმენტების არსებობის პირობებში საქართველოს იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავები მოეგო.

ევროსაბჭოს რეზოლუციის მსგავსად, "ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე დაეთანხმა ტალიავინის დასკვნასაც, რომელშიც ასევე ჩაიწერა, რომ 2008 წელს ღია, საომარი მოქმედებები ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო. რუსეთის მოქმედებები კი საპასუხო იყო. ჰაიდი ტალიავინი აგვისტოს ომის მოვლენებს ევროკავშირის მანდატით იკვლევდა. 1100 გვერდიანი დასკვნა ომიდან 1 წლის შემდეგ, 2009 წელს გამოაქვეყნა.

დღის ამბები