26 ნოემბერი 2026,   19:54
ვრცლად
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს

"ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად რჩება. 2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სექტორი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 9,4%-ს შეადგენს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით „მეტი, ვიდრე მოგზაურობა - მიმართულებიდან გამოცდილებამდე" მინისტრის მოადგილემ ისაუბრა როგორც საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ისე გლობალურ ტრენდებსა და გამოწვევებზე.

"საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად. იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის ფუნდამენტურ როლს და მნიშვნელობას მსოფლიო ეკონომიკაში, რასაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) 2025 წლის მონაცემებიც ადასტურებს - ტურიზმიდან მიღებულმა საექსპორტო შემოსავლებმა დაახლოებით 2,2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

"მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) შეფასებით, ტურიზმის სექტორის წილი გლობალური მშპ-ის თითქმის 10%-ს შეადგენს და მსოფლიო მასშტაბით 366 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. აღნიშნული მაჩვენებლები მოწმობს ტურიზმის ფუნდამენტურ როლს მოსახლეობის საარსებო წყაროების მხარდაჭერაში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ტურისტული მიმართულებების შემდგომი განვითარებაა, რისი მაგალითიც რაჭის რეგიონში მრავალძალის ახალი, ოთხსეზონიანი მთის კურორტის კონცეფციაზე მიმდინარე სამუშაოა.

"სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საჰაერო დაკავშირებადობის გაძლიერება მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც ხელს უწყობს ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტურისტული შესაძლებლობების შექმნას. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებას, როგორც ტურიზმის განვითარების აუცილებელ ელემენტებს", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კონფერენცია მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 300-ზე მეტმა დელეგატმა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორიდან, დარგის პროფესიონალებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

დღის ამბები