საერთაშორისო კონფერენციაზე ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ და ტურიზმის სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციები განიხილეს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, - ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო კონფერენცია „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“.
საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა.
მაია ომიაძის განცხადებით, თბილისის კონფერენციაზე ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ და ტურიზმის სექტორში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოში არსებული ტენდენციები განიხილეს.
"კონფერენციის უცხოელმა სპიკერებმა ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. თავის მხრივ, მათთვისაც საინტერესო იყო ქართული ტურიზმის მაგალითების გაცნობა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა - საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი“ - განაცხადა მაია ომიაძემ.
საერთაშორისო კონფერენციას ქართული ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, კერძო და საჯარო სექტორის 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრო. ღონისძიების სამი თემატური სესიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლებმა ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და კურორტების ბრენდინგის, მარკეტინგის, ასევე მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ საკითხები განიხილეს.