25 ნოემბერი 2026,   21:53
ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოება, ოკუპაცია, გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე რისკები, ტერორიზმი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - დღეს სუს-მა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა

ეროვნული უსაფრთხოება, ოკუპაცია, გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე რისკები, ტერორიზმი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ გამოწვევების, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

სუს-ის უფროსმა ანგარიში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მიმოხილვით დაიწყო. თამაზ ბორაშვილის თქმით, პრობლემა კვლავაც უკანონო დაკავებები და ბორდერიზაციის პროცესია, თუმცა, საფრთხეების შესამცირებლად, ყველა სამართლებრივ, ინსტიტუციურ და ოპერატიულ ბერკეტს იყენებენ.

ყოველწლიურ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე საფრთხეებს.

თამაზ ბორაშვილმა სამოქალაქო არეულობისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა უწოდა 4 ოქტომბრის მოვლენებს, რომლის შემდეგადაც ათობით პირს წარედგინა ბრალი, მოგვიანებით კი, დაკავებულების ნაწილმა დანაშაული აღიარა და ციხე საპროცესო შეთანხმებით დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტებს შორის, გასულ წელსაც, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაციების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირება იყო.

საანგარიშო პერიოდში, აღკვეთეს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტი. საუბარია 2025 წლის სექტემბერში უკრაინიდან საქართველოში "ჰექსოგენის" ტრანსპორტირებაზე.

სუს-ი მუშაობს ბირთვული ნივთიერებების შეძენისა და გასაღების ფაქტების გამოვლენაზე - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გასულ წელს ამ ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

წლიურ ანგარიშში განხილულია ტერორიზმის საფრთხეებიც. სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს შემთხვევაში რისკი ქვეყნის ტრანზიტად გამოყენებაა. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად კი, გასულ წელს, აჭარაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

2025 წლის განმავლობაში, სუს-ის შესაბამისმა სამსახურმა კორუფციის წინააღმდეგ ბრალდებით, პასუხისგებაში 104 პირი, მათ შორის მაღალჩინოსნები მისცა. 54 საქმეზე კი გამოძიება დაიწყო. თამაზ ბორაშვილის განცხადებით, საანგარიშო წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა კორუფციის პრევენციის ხელშემწყობი ფაქტორების გაძლიერების მიმართულებითაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის ძირითადი ნაწილის წარდგენის შემდეგ, სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. სწორედ ამ ფორმატში დასვეს დეპუტატებმა მათთვის საინტერესო კითხვები. საპარლამენტო ოპოზიციის თქმით, დაინტერესდნენ როგორც კორუფციის, ასევე ოკუპაციის საკითხებით. სახელისუფლებო გუნდის წევრების შეფასებით კი, დოკუმენტი, რომელიც სუს-მა პარლამენტს წარუდგინა, ამომწურავია.

სესიაზე წარდგენამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში დეპუტატებმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განიხილეს.

დღის ამბები