24 ნოემბერი 2026,   22:07
ვრცლად
"ნეიტრალური საქართველოს" განცხადება - პარტია ევროკავშირთან ურთიერთობის პირობებისა და ნეიტრალიტეტის შესაძლებლობების შესახებ ფართო საზოგადოებრივი განხილვის დაწყებას ითხოვს

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ევროკავშირთან ურთიერთობის პირობებისა და ნეიტრალიტეტის შესაძლებლობების შესახებ ფართო საზოგადოებრივი განხილვის დაწყებას ითხოვს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში ახალი წევრებისთვის გამოსაცდელი პერიოდისა და შესაძლო უფლებრივი შეზღუდვების განხილვა. წევრი ქვეყნების თანასწორობის პრინციპსა და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს.

ხელისუფლება მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი. თავად ევროკავშირის ინიციატივას კი, "ქართულ ოცნებაში" ევრობიუროკრატიის მხრიდან იმ პრინციპების ნგრევის გაგრძელებად აფასებენ, რის გარშემოც ევროკავშირი შეიქმნა.

ოპოზიციას ერთი პოზიცია არ აქვს - გახარიას პარტია ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. ნაციონალურ მოძრაობაში კი ამტკიცებენ, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს მხოლოდ სრულუფლებიანი წევრობა სურთ.

პოლიტიკურ ჯგუფ "ხალხის ძალაში კი მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანება მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს.

ახალი წევრებისთვის 10 წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება პრემიერ-მინისტრისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას ნიშნავს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს.

ბრიუსელის ახალი ინიციატივის მიხედვით, სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ათწლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა. ეს პერიოდი 15 წლამდეც გახანგრძლივდება, თუ ამას ევროკომისია გადაწყვეტს. ინიციატივის მიხედვით, იმ ახალ წევრ სახელმწიფოს, რომელიც ბრიუსელის მოთხოვნებს არ შეასრულებს, ხმის უფლებას ჩამოართმევენ. ამ მექანიზმს, ევრონიუსის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩების თანხმობა უკვე აქვს.

დღის ამბები