კრიტიკა ევროკავშირს და უარი ევროკომისიას - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ავსტრია ბრიუსელს ბრატისლავიდან პირობებს უყენებენ. ხუთი ქვეყანა ევროგაერთიანების 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტს ბლოკავს და თანხების განაწილების პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება. მოთხოვნებს შორისაა: უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ვალდებულებების გადახედვა, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების დაფინანსების გაზრდა და ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება.
სამიტის დასრულების შემდეგ, ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერების ნაწილმა მედიასთან უკრაინის დაფინანსების შეზღუდვა მოითხოვეს. უნგრეთი კიევისთვის სავალდებულო საბიუჯეტო შენატანს არ ეთანხმება, სლოვაკეთი შეიარაღებისთვის ახალი სესხის გაცემაზე უარს ამბობს, ჩეხეთი კი დაფინანსების საერთო ბიუჯეტისგან გამიჯვნას მოითხოვს. განსხვავებულია პოლონეთის პოზიცია - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კიევის დაფინანსება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე იაფი საშუალებაა.
ევროკავშირის საბიუჯეტო პროექტი სტრასბურგშიც გააკრიტიკეს. ევროპარლამენტის სხდომაზე კანონმდებლების ნაწილმა აღნიშნა, რომ წარდგენილი დოკუმენტი მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და მომავალი თაობის მხარდაჭერისთვის საჭირო დაფინანსებას არ ითვალისწინებს.
გერმანია, ნიდერლანდები, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია და საფრანგეთი - ევროპული მედიის ცნობით, მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ბრიუსელს საკუთარი პირობები ბერლინმა, ამსტერდამმა, კოპენჰაგენმა, სტოკჰოლმმა, ჰელსინკიმ და ვენამაც წაუყენეს. მოთხოვნებს შორისაა ხარჯების ყველა მიმართულების გადახედვა, თავდაცვისა და კონკურენტუნარიანობის დაფინანსების პრიორიტეტად განსაზღვრა და ახალი ერთობლივი ვალის აღებაზე უარის თქმა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.