"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ სასამართლოს დარბაზში დასმულ კითხვას და შეფასებას სერგო თეთრაძის ოჯახი გამოეხმაურა. წამებით მოკლული პოლკოვნიკის მეუღლის განცხადებით, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამართლება სცადონ.
ნანა თეთრაძე აცხადებს, რომ ყველა ზიანი, რაც სერგო თეთრაძეს მიაყენეს იყო თავდაცვის სამინისტროში და შემდეგ ციხეში.
"სახლიდან გავიდა აბსოლუტურად უვნებელი. ყველა ზიანი, მას მიაყენეს თავდაცვის სამინისტროში და შემდეგ ციხეში. სურათები არსებობს, მოწმეები არსებობენ, თან ციხის თანამშრომლები არიან, რომლებმაც დაამტკიცეს. სერვერები გათიშეს და ზუსტად მაგ დროს გაიყვანეს უკანონოდ ჩემი მეუღლე ციხიდან. არიან იმის მოწმეები, რომ ჩემი მეუღლე აწამეს და რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
არ ვიცი, კიდევ რა მტკიცებულება უნდა იყოს, ექსჰუმაციის შედეგად დამტკიცდა, რომ ნამდვილად ჰქონდა მიღებული ეს ტრავმები მაგ დროს. ეს საქმე თავიდანვე იყო შეთხზული. ჩემი მეუღლე მაგ დროს უკვე იყო თადარიგის ოფიცერი და არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ ჰქონდა. გამოძიებამ მოიყვანა კიდევ მოწმე, ვინც თავისი პირით მაშინ თადარიგის ოფიცერი იყო და ამტკიცებდა, რომ ის ფლეშკა მოიტანა თვითონ, რომელიც მისცეს თავდაცვის სამინისტროში და დადო მაგიდაზე. არანაირი მორალური უფლება არა აქვთ, ყველაფერი გაიარა ამ ერთმა ჩემმა მეუღლემ ერთ კვირაში. წამება, შანტაჟი, მუქარა და ამის შემდეგ კიდე რაღაცის მტკიცება... მე არ ვიცი, შუბლის ძარღვები აქვთ გაწყვეტილი." - აცხადებს ნანა თეთრაძე.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კითხვები გაჟღერდა იმ თემების გარშემო, რომელიც სარჩელშია ასახული, მათ შორის იყო საკუთრების უფლებების მასობრივი დარღვევები, 2008 წლის ომის მოვლენები, ლაფანყურისა და ყინწვისის სპეცოპერაციები.
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს აინტერესებდა იცნობს თუ არა მოსარჩელე მხარე გვამის ექსჰუმაციის ექსპერტიზის შედეგებს. მმართველი გუნდის წევრებმა წითლიძეს წამებით მოკლული პოლკოვნიკის ფოტო აჩვენეს და კითხვითვე უპასუხეს, იყო თუ არა ნაწამები სერგო თეთრაძე.