24 ნოემბერი 2026,   18:13
ვრცლად
თორნიკე ჭეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე": ახლა ისინი ცდილობენ, თითქოს რაღაც დეტალებზე აპელირებით გადაფარონ ის დანაშაულები, რომელიც ჩადენილი აქვთ

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ სასამართლოს დარბაზში დასმულ კითხვას, რომელიც წამებით მოკლულ პოლკოვნიკ, სერგო თეთრაძეს ეხებოდა, მმართველ გუნდში გამოხმაურებები მოჰყვა. როგორც ისინი ამბობენ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ყოფილი სახელისუფლებო ძალა სისტემური დანაშაულების გამართლებას ცდილობს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, თორნიკე ჭეიშვილი ამბობს, რომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის არაერთი შემზარავი დეტალი და გარემოებაა ცნობილი.

"ამით, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, თუ რასთან გვქონდა საქმე "ნაცმოძრაობის" სადისტური დანაშაულებრივი რეჟიმის სახით. ახლა ისინი ცდილობენ, თითქოს რაღაც დეტალებზე აპელირებით გადაფარონ ის ნამოქმედარი, ის დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი და განგებ ცდილობენ შექმნან იმგვარი აღქმა, რომ თითქოს მათ არავითარი წვლილი არ მიუღიათ იმ ყველაფერში, რაც ადამიანების თავს დაატრიალეს.

კონკრეტულად, რაც შეეხება პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ისედაც, საზოგადოებისთვის არის არაერთი შემზარავი დეტალი და გარემოება ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით. არის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რასთან დაკავშირებითაც უბრალოდ კითხვის დასმა, რბილად რომ ვთქვათ უხერხულია, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოხდა ამ ადამიანთან ანგარიშსწორება, როდესაც ცდილობდნენ, რომ დაებრალებინათ მისთვის ჯაშუშობა და მაშინ, როდესაც შესაბამისი აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღეს, აწამეს ძალიან სასტიკად და შემდგომ ამ წამების შედეგად მან მიიღო გულის შეტევა და გარდაიცვალა.“ - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს აინტერესებდა, იცნობს თუ არა მოსარჩელე მხარე გვამის ექსჰუმაციის ექსპერტიზის შედეგებს. მმართველი გუნდის წევრებმა წითლიძეს წამებით მოკლული პოლკოვნიკის ფოტო აჩვენეს და კითხვითვე უპასუხეს, იყო თუ არა ნაწამები სერგო თეთრაძე.

 

დღის ამბები