24 ნოემბერი 2026,   16:04
ვრცლად
თბილისში Skillwill-ის ახალი კოლეჯი გაიხსნა

თბილისში Skillwill-ის ახალი კოლეჯი გაიხსნა. კოლეჯში სტუდენტები პროფესიულ განათლებას მიიღებენ. ღონისძიება დღეს პრემიერმა გახსნა.

ირაკლი კობახიძემ პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ პროფესიის შეძენის და კვალიფიკაციის ამაღლების პირობები.

Skillwill-სა და ბიზნესასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აქცენტი გაკეთდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ განათლებაზე, ახალ ტექნოლოგიურ მიმართულებებსა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობაზე.

სტუმრებმა კოლეჯის სასწავლო სივრცეები, ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

"პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის მომავალზე ორიენტირებული, ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენის და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძემ პროფესიული პროგრამების წარმატების განხორციელების მიმართულებით Skillwill-ის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოლეჯი ახალი პროგრამებისა და სტანდარტების დამკვიდრებაში განათლების სისტემასაც ეხმარება.

"შემოდგომის მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულთაგან ყოველმა მეოთხე აპლიკანტმა აირჩია Skillwill. განსაკუთრებული ინტერესი იყო ხელოვნური ინტელექტის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ Skillwill-ს შეუძლია, სტუდენტებს შესთავაზოს ის პროფესიული განათლება, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად გამოსადეგი და საინტერესოა. მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ის არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება - ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი - ქუთაისში. რეგიონული გაფართოება, ბუნებრივია, განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენთვის. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე განათლების სისტემის დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე და ამ კუთხით Skillwill-ის მაგალითი ნამდვილად ძალიან საინტერესოა. კოლეჯში მოქმედებს 13 სადიპლომო პროგრამა, ხუთი ახალი მიმართულება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა საქართველოს პროფესიულ განათლებაში პირველად დაინერგა, ხოლო ოთხი ახალი სტანდარტი, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კოლეჯის მონაწილეობით დამტკიცდა და მათზე მიღება 2027 წელს გამოცხადდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით გამორჩეულია MIT Open Learning-თან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

„ხარისხიანი სწავლება არის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მყარი საფუძველიც და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით რეგიონებში სწავლების ხელმისაწვდომობას. თანამედროვე სასწავლო გარემო ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქში, საკუთარ რეგიონში განვითარების და საქართველოში დარჩენის საშუალებას აძლევს, ხოლო ადგილობრივ ბიზნესს სპეციალისტების მოზიდვაში ეხმარება. ყველა კვლევის თანახმად, კვალიფიციური კადრები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის და ამ კუთხით პროფესიული განათლების განვითარებას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სათანადო პირობებს სახელმწიფო დაფინანსებით - ახალგაზრდებსაც და მათაც, ვისაც საქმიანობის სფეროს შეცვლა სურს, სწავლის საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ პროფესიის დაუფლება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის Skillwill-ში. ეს არის ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია. ცოდნა მოქალაქეს აძლევს დასაქმების, შემოსავლის გაზრდის საშუალებას, ხოლო ბიზნესს ამარაგებს კვალიფიციური კადრებით. ამიტომ დაფინანსებას ჩვენ სწავლების ხარისხს, პრაქტიკულ მომზადებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვუკავშირებთ. პროფესიული განათლების მხარდაჭერით მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას ვუქმნით, ვაძლიერებთ რეგიონებს და ვავითარებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა Skillwill-ის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს და მათ წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, Skillwill-ის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამისა და თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებისთვის შექმნილ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართა MIT Open Learning-ის პროფესიული სწავლების მიმართულებების ხელმძღვანელმა, MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთლინ კენედიმ. ღონისძიების ფარგლებში Skillwill-სა და საქართველოს ბიზნესასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პრემიერ-მინისტრმა კოლეჯის სასწავლო სივრცეები, ლაბორატორიები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

 

დღის ამბები