23 ნოემბერი 2026,   17:12
ვრცლად
მედია: მთელი გერმანიის მასშტაბით, 450-ზე მეტმა სკოლამ ელექტრონული ფოსტით ბომბის აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო

გერმანიის მასშტაბით, 400-ზე მეტმა სკოლამ ელექტრონული ფოსტით ბომბის აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის პოლიციამ განცხადებაში დაადასტურა, რომ სხვადასხვა სკოლაში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ მუქარის შეტყობინებები მიიღეს, მათ შორის, შეტყობინებები პოლიციის გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზეც შევიდა.

"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები მთელი ფედერალური მიწის მასშტაბით 450-ზე მეტ სკოლაში გაიგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, წერილების სათაურად მითითებული იყო: "სიკვდილი გელოდებათ“. მედიის ინფორმაციით, ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, ვინ გაგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებები.

პოლიციის ცნობით, სკოლებში გაგზავნილ ყველა ელექტრონულ წერილს იდენტური ტექსტი ჰქონდა.

აღმოსავლეთ გერმანიის თიურინგიის ფედერალური მიწის პოლიციის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მუქარის შემცველი დანაშაულებრივი ქმედებებით საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, გამომძიებლები არ მიიჩნევენ, რომ ბომბის აფეთქების მუქარა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

თიურინგიის პოლიციის განცხადებით, სკოლებს ურჩევენ, მოსწავლეების ევაკუაცია არ განახორციელონ. თუმცა, პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ორშაბათს, დილით, რამდენიმე სკოლამ მოსწავლეები უკვე სახლში გაუშვა. ამ სკოლებში პოლიციის პატრულებიც გაგზავნეს.

ბომბის აფეთქების მუქარის შესახებ შეტყობინებები ჩრდილო-ცენტრალურ გერმანიაში, ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზეც რამდენიმე სკოლას გაუგზავნეს. ეს ინფორმაცია ჰანოვერში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დაადასტურეს.

სკოლებს რეკომენდაცია მისცეს, რომ მუქარის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პოლიციას და მომხდარის შესახებ აცნობონ.

დღის ამბები