22 ნოემბერი 2026,   21:49
ვრცლად
რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 45-მილიარდიანი ახალი სესხის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს

სლოვაკეთი უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის 45 მილიარდი ევროს მოცულობის საკრედიტო პროგრამის დაფარვაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, ბრატისლავა კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გაგრძელებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრატისლავა არც უკრაინისთვის განკუთვნილი წინა, 90 მილიარდი ევროს მოცულობის საკრედიტო პროგრამას შეერთებია. მისი თქმით, ქვეყანა პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის დაბლოკვის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

მერცის თქმით, ეს შესაძლოა იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა არ აიღებს ვალდებულებას, 2027 წელს და მომდევნო პერიოდში უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს.

ფიცო ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბერლინის მხრიდან ზეწოლას არ დაემორჩილება.

ამასთან, მან განაცხადა, რომ სლოვაკეთი კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს, თუმცა, უკრაინის სამხედრო დაკრედიტებაში მონაწილეობას მიზანშეუწონლად არ მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ ომის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

დღის ამბები