ესპანეთში გამართული ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა უცხოური კომპანიებისთვის საქართველოსთან საქმიანი კავშირების დაწყების პლატფორმად იქცა. სხვადასხვა ქვეყნის 2 500-ზე მეტ კომპანიას შესაძლებლობა მიეცა ქვეყნის საქმიანი ტურიზმის პოტენციალსა და ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდა.
საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული გამოფენის სტუმრები, საქართველოს შესახებ ინფორმაციას, ეროვნულ სტენდთან ეცნობოდნენ. ქართულმა კომპანიებმა მსხვილი კორპორაციებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასშტაბური ღონისძიებებისთვის გამორჩეული სერვისები შესთავაზეს.
თვითმყოფადი ქვეყანა მრავალფეროვანი შეთავაზებებით - ეროვნულ პავილიონში მთავარი აქცენტები საქართველოს უნიკალურ ტრადიციებზე, ისტორიაზე, კულტურასა და კულინარიაზე გაკეთდა. პოტენციური პარტნიორებისთვის მოეწყო სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები.
"აიბითიემ ვორლდ ბარსელონას" საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიები ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მონაწილეობდნენ. მიზანი გლობალურ ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაცია, საქმიანი ტურიზმის განვითარება და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა. ბარსელონაში გამართულ გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული, ბექა ზარანდიაც ესწრებოდა.
საერთაშორისო გამოფენის სტუმრები საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ სერვისებს სამი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ. ბარსელონამ ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ინდუსტრიის 12 000-ზე მეტ სპეციალისტს უმასპინძლა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე