ახალი ინიციატივა სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. სამოქალაქო კოდექსში დაანონსებული ცვლილებებით, შეურაცხყოფის და ცილისწამებისთვის დაზარალებული მხარისთვის კომპენსაციის ქვედა და ზედა ზღვარი განისაზღვრება - ერთი და ორი მილიონი დრამი. ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. დამტკიცების შემთხვევაში, კანონდარღვევისთვის მოქალაქეებს 2 800-დან 16 600 დოლარის ოდენობის ფინანსური სანქციები დაუწესდებათ.
სომხეთის მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი ადამიანის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მიყენებული მორალური ზიანის ადეკვატური ანაზღაურების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს.
ცვლილებებს აკრიტიკებენ სომხეთში მოქმედი მედიაორგანიზაციები და მთავრობას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.ამბობენ რომ კომპენსაციის გაზრდა ჟურნალისტებს და მედიასაშუალებებს ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის და ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობას გააუარესებს.
ცნობილია, რომ სომხეთის მთავრობის მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები შეეხება არა მხოლოდ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, არამედ ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებსაც.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.