19 ნოემბერი 2026,   22:08
ვრცლად
გამჭვირვალობის მოთხოვნა ევროკავშირში - ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებს, თუმცა თავადვე აღიარებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემულ თანხებს ევროკავშირის შიგნითაც კონტროლი სჭირდება

ევროპარლამენტარები ევროკომისიას გამჭვირვალობის სტანდარტს უწუნებენ. როგორ და რატომ ფინანსდება არასამთავრობო სექტორი? - "ევროპის სახალხო პარტიის" და "ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა" წევრები ამის გარკვევას 1 წლის განმავლობაში ცდილობდნენ. ანგარიშის მომზადებამდე შეისწავლეს 120-ზე მეტი ხელშეკრულება და შეიმუშავეს 23 რეკომენდაცია, რომლითაც კომისიას მოუწოდებენ - არასამთავრობოებს აეკრძალოთ ევროკავშირის თანხებით ლობირება, გასაჯაროვდეს ენჯეოებისთვის გაცემული გრანტები და გაძლიერდეს მონიტორინგი. დოკუმენტის ავტორების თქმით, ევროკომისია გრანტებს ისეთ ორგანიზაციებზე გასცემდა, რომელთა საქმიანობაც საეჭვოდ ემთხვევა კომისიის დღის წესრიგს.

ბრიუსელი საქართველოს დღემდე გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებს, თუმცა თავადვე აღიარებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემულ თანხებს ევროკავშირის შიგნითაც კონტროლი სჭირდება - "ქართულ ოცნებას" ორმაგი სტანდარტი აღარ უკვირს. უკვირს ის, თუ რით ახსნიან გარე აქტორები ამ ტენდენციურ მიდგომას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სწორედ ენჯეობთან დაკავშირებული ფინანსების გასაჯაროების გამო აქეზებდნენ ქვეყანაში ძალადობას.

ხელისუფლების ოპონენტებს უჭირთ აღიარონ წლების დაგვიანებით დადასტურებული რეალობა, რომ გამჭვირვალობა ყველგან თანაბრად საჭიროა, მათ შორის, თავად ევროკავშირშიც.

ამას აცხადებენ მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარების მოკვლევამ ათეულობით ხელშეკრულებაში არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის გამოც არამართლზომიერად დახარჯული თანხების დაბრუნებასაც ითხოვენ. მმართველ პარტიას არ უკვირს, რომ ოპოზიცია ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის გამართლებას ცდილობს.

ანგარიში, რომელიც გამჭვირვალობის გაძლიერებას უკავშირდება, ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს ოთხშაბათს წარედგინება. ანალოგიური მიზნით უცხოური დაფინანსების საკითხზე მომზადებული ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება ევროკავშირის წევრ სლოვენიაშიც.

დღის ამბები