20 ნოემბერი 2026,   20:57
ვრცლად
ისრაელი და აშშ-ში უახლოეს მომავალში ირანზე ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობას განიხილავენ - CBS News

ისრაელი და შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობას განიხილავენ, - ამის შესახებ CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ ირანელები ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობებს სწრაფად აღადგენენ, სამხედრო და ბირთვული ინფრასტრუქტურის დასაცავად კი ობიექტები მიწისქვეშ დაჩქარებულად გადააქვთ.

გამოცემის ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალები ირანთან დაპირისპირების ახალი რაუნდისთვის მზად არიან და თავდაცვის უმაღლეს მზადყოფნაში იმყოფებიან, რათა ირანის მხრიდან ნებისმიერი პირველი თავდასხმა მოიგერიონ.

"ნეთანიაჰუს მთავრობა უპირატესობას ანიჭებს აშშ-სთან ერთად ახალი ერთობლივი ოპერაციის დაწყებას. თუმცა, წყაროების განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, სურს თუ არა ტრამპს ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყების ბრძანების გაცემა და, თუ სურს, რა სახის ოპერაციას აირჩევს", - წერს cbsnews-ი.

მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა მიმდინარე კვირასაც განაცხადა, რომ შესაძლოა ირანი ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნას ცდილობდეს, თუმცა ამ ბრალდების გასამყარებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

აშშ-სა და ირანს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ.

ირანი კი უარს ამბობს საკუთარი ბირთვული პროგრამის განხილვაზე, სანამ საზღვაო ბლოკადას აშშ არ გააუქმებს და კიდევ ექვს ძირითად პირობას არ დათანხმდება.

 

დღის ამბები