20 ნოემბერი 2026,   19:03
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები შუამდგომლობებს აგროვებდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დაეყენებინათ, რათა სასამართლოს მოეხსნა ეს შუამდგომლობები, შემდეგ კი იტყოდნენ, ჩვენი უფლებები ირღვევაო - არჩილ გორდულაძე

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 12 საათზე განახლდა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. ამჯერად კითხვებს მოსარჩელე მხარეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უსვამენ. კითხვები ეხება სხვადასხვა თემას, მათ შორის, თუ რა მტკიცებულებები აქვს მოსარჩელეს ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე და აქციებზე ძალადობრივ მოვლენებზე. "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს კონკრეტული ფაქტებით უპასუხა. მმართველმა გუნდმა დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებები, რომლებითაც, მათი თქმით, მოპასუხე მხარის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები დასტურდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასამართლოზე გაურბიან და კითხვებს არ სვამენ ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად გირგვლიანის, რობაქიძის საქმე და ა.შ. 

"ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკა გასაგებია. სავარაუდოდ, იმავეს გააგრძელებენ სხვა არაკონსტიტუციური პარტიებიც. აქამდე ისინი შუამდგომლობებს აგროვებდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დაეყენებინათ, რათა სასამართლოს მოეხსნა და არ დაეკმაყოფილებინა ეს შუამდგომლობები მერე კი იტყოდნენ, ჩვენი უფლებები ირღვევაო.

აი, ზუსტად ანალოგიური შემთხვევა არის ახლა კითხვებთან დაკავშირებით, საერთოდ არარელევანტურ, საქმესთან შემხებლობაში არმყოფ კითხვებს სვამენ, რომ სასამართლომ მოხსნას და ისევ თქვან, რომ აი, ამდენი კითხვა დავსვით, ან ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ან საერთოდ კითხვის დასმის საშუალება არ მოგვცესო.

ისინი გაურბიან და კითხვებს არ სვამენ ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიც არის, მაგალითად, რობაქიძის საქმე, არ სვამენ კითხვებს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და უამრავ სხვა საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კითხვებს სვამენ მხოლოდ იმაზე, რომლებთან დაკავშირებითაც ახლაც მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ გვეუბნებიან, რატომ არ გამოიძიეთო, ანუ პრობლემა მათთვის ის კი არ არის, დანაშაული რომ მოხდა, ამ დანაშაულის დამალვაში და არაეფექტურ გამოძიებაში, პირდაპირ პასუხისმგებლობა რომ ამ ძალას ეკისრება, ამ საკითხს არ სვამენ, აი, თქვენ რატომ არ გამოიძიეთო, ეს წარმოუდგენიათ პრობლემად", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები