შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის სატყეო უბნის სოფელ ბრილში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების – ქართული კაკლისა და წაბლის ნერგები დაირგო.
ღონისძიება ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" დაკვეთით განახორციელა და მისი მიზანი ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვა, იშვიათი სახეობების აღდგენა და ტყის ეკოსისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ქართული კაკალი და წაბლი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებია, რომელთა დაცვას, გამრავლებასა და ბუნებრივ გარემოში აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.
მსგავსი ღონისძიებების განხორციელება ხელს უწყობს იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების პოპულაციების გაძლიერებას, ტყის ეკოსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფასა და ბუნებრივი რესურსების გრძელვადიან კონსერვაციას.