ბრიტანეთის პარტია, "რეფორმა გაერთიანებული სამეფოს" ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ენდი ბარნემის ბრიუსელში ვიზიტს ეხმაურება და ევროკავშირთან დაახლოების მცდელობას აკრიტიკებს.
"ბარნემი ბრიუსელში მიემგზავრება, როგორც მორიგი პოლიტიკოსი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის გამოჩენას ცდილობს. ის უერთდება კონსერვატორი და ლეიბორისტი ლიდერების გრძელ რიგს, რომლებსაც ბრიტანეთის უკან, იმ გაერთიანებაში დაბრუნება სურთ, რომელიც ყოველ შესაძლებლობაზე დასცინის, აბუჩად იგდებს და შეურაცხყოფს ჩვენს ქვეყანას.
ბრექსიტამდეც კი ევროპარლამენტში ბრიტანეთს საკუთარი ეროვნული დროშის განთავსების უფლებას არ აძლევდნენ.
ნუთუ სწორედ ასეთი მეგობარი გვჭირდება დღეს?
თუმცა, ერთ საკითხში ბარნემს ნამდვილად ვეთანხმები: 2016 წელი 2026 წელი აღარ არის. დღეს სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ.
ეს პანდემიის შემდგომი, სულ უფრო მეტად მრავალპოლუსიანი სამყაროა, რომელშიც ევროკავშირი გლობალურ ძალთა შორის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
ამის მიუხედავად, ჩვენი პრემიერ-მინისტრი კვლავ დაჟინებით ცდილობს, ბრიტანეთი კიდევ უფრო მჭიდროდ მიაბას წარსულის ინსტიტუტებს — სტრუქტურებს, რომლებიც სრულიად მოუმზადებელნი არიან ხვალინდელი დღის უმნიშვნელოვანესი გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის.
სწორედ ამიტომ ვარ დღეს ბრიუსელში - რათა ბარნემს ბრექსიტის ბრძოლის ველზე დავუპირისპირდე და შევახსენო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი ჯერ არ არის და ეს თანამდებობა დემოკრატიული მანდატის გარეშე სურს, მისი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ჩვენი დემოკრატიის დაცვაა.
როდესაც პოლიტიკური ლიდერებისა და საზოგადოების დამაკავშირებელი დემოკრატიული შეთანხმება ირღვევა, ამას, ადრე თუ გვიან, ბარბაროსობა და ძალადობა მოჰყვება.
ბრიტანეთისთვის ასეთი მომავალი არ მინდა. ეს წინსვლა კი არა, უკან დახევაა.
მსოფლიო ისეთი სისწრაფით იცვლება, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს. და იმის ნაცვლად, რომ ბრიტანეთი რეგიონულ, თუ არა გლობალურ ლიდერად ვაქციოთ, პესიმიზმით შეპყრობილ პოლიტიკურ ელიტას კვლავ სურს ჩვენი მიბმა ორგანიზაციასთან, რომელმაც გლობალური პოლიტიკის, ფინანსებისა და ინოვაციების უმაღლეს ლიგაში საკუთარი ადგილი დაკარგა.
არ მინდა, თითოეულ ბრიტანულ ოჯახს წელიწადში დამატებით 2 000 ფუნტის გადახდა უწევდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბარნემს ქვეყნის წარსულში დაბრუნება სურს.
დიდი ხნის განმავლობაში გვიმეორებდნენ, რომ "მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა".
სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ჩვენი ძალა სწორედ საკუთარი, განსხვავებული გზით სიარულშია.
2016 წელს ევროკავშირში დარჩენა ბრიტანეთისთვის ყველაზე უარესი შესაძლო არჩევანი იქნებოდა.
ევროკავშირში დაბრუნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბარნემს იდეოლოგიური ანგარიშების გასწორება სურს ან წარსულის წყენა ვერ მოუშუშებია, კატასტროფული გადაწყვეტილება იქნება.
გაიხსენე, რომ ამ კუნძულების ხალხმა საუკუნეების განმავლობაში არაერთი განსაცდელი გადაიტანა და მაინც შეძლო გადარჩენა და აყვავება - ჩვენი ზოგჯერ ხმაურიანი მეზობლების დიდი უკმაყოფილების მიუხედავად.
და ამ ყველაფრისთვის ბრიუსელელი ბიუროკრატები სულაც არ დაგვჭირვებია.
ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გვჭირდებოდა, ენდი. საკუთარი თავის რწმენა," - წერს ნაიჯელ ფარაჯი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.