21 ნოემბერი 2026,   21:18
ვრცლად
ტრაგედიის მესამე დღე - მოქალაქეები ფონიჭალაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ, ქვეყანა კი სამძიმრის წერილებს იღებს

19 ნოემბრის ტრაგიკული დილიდან მესამე დღეს, მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან კორპუსთან, რომლის სადარბაზოც აფეთქების შედეგად ჩამოიშალა. ისინი ყვავილებით, სანთლებითა და სათამაშოებით დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ადგილობრივები ნანახს იხსენებენ . მათ მომხდარზე ემოციების გარეშე საუბარი უჭირთ.

კორპუსის პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მაშველები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. აფეთქების ადგილას მისულ მოსახლეობას ნივთების გამოტანის საშუალება მცირე ხნით, მეხანძრე-მაშველების დახმარებით მიეცა.

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 150-მდე ადამიანი თბილისის მერიამ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. დროებით საცხოვრებელში გადაყვანილ ოჯახებს პირველადი დახმარება მუნიციპალიტეტმა გაუწია. გუშინ გავრცელდა ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილები ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინებს შეუძენენ. დაზარალებულები ქველმოქმედებას უკვე გამოეხმაურნენ.

ამ დრომდე, კლინიკებში რჩებიან ნგრევის შედეგად დაშავებულები. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების, მათ შორის 3 წლის თაიას მდგომარეობა, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან, 8 საათიანი ძებნა-შველის ოპერაციის შემდეგ ცოცხალი გამოიყვანეს.

რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქება სწორედ 31 წლის მამაკაცის სახლში მოხდა. მან ექიმებს უთხრა, რომ ღამით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, ვერ შეძლო, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ონკანი კი ღია დარჩა. დილით მისი ჩართვა კიდევ ერთხელ სცადა, რასაც აფეთქება მოყვა

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ქვემო ფონიჭალაში 19 ნოემბერს კორპუსის ნანგრევებიდან ექვსი გარდაცვლილის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს.

დღის ამბები