21 ნოემბერი 2026,   16:37
ვრცლად
"სააკაშვილი უკვე თარიღებშიც აირია, ამ მძიმე ტრაგედიით სპეკულირებს, როგორც კოლექტიურ ნაცებს სჩვევიათ" - ლევან მაჭავარიანი სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ და შემდეგ წაშლილ პოსტზე

მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტზე, რომელიც საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ზუსტად 8 წუთში წაშალა, შეფასებები მმართველ გუნდში გაკეთდა. საუბარია პოსტზე, რომლის თანახმადაც, ის აპროტესტებს, რომ 23 ნოემბერი გლოვის დღეა. ამბობს, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშების დაშვება და გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად საზეიმო ღონისძიებების გაუქმება, მთავრობამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ვარდების რევოლუციის აღსანიშნ ღონისძიებას დაუმთხვია.

თუმცა საქმე იმაშია, რომ გლოვის დღედ მთავრობის დადგენილებით 22 ნოემბერია გამოცხადებული.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული მანიპულაციური ტექსტი კიდევ ერთი დასტურია, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერას. კანონმდებლები იხსენებენ კონკრეტულ განცხადებებს, რომლებიც ტრაგედიის დღიდან, არაერთი ოპოზიციონერი და ოპოზიციასთან დაკავშირებული პირის მხრიდან გაკეთდა. ატარებდა მანიპულაციურ შინაარსს და მხოლოდ კონკრეტული პარტიული მიზნების მიღწევას ემსახურებოდა.

"სააკაშვილი უკვე თარიღებშიც აირია. ზოგადად სპეკულირებს ამ მძიმე ტრაგედიით, როგორც კოლექტიურ ნაცებს სჩვევიათ და აბსოლუტურად არაადეკვატურია, უკვე თარიღებშიც არეულია. ჩვეულებრივი ბოროტმოქმედი, კრიმინალი, რომელიც არაფერს ინანიებს და პირიქით, იმუქრება ციხიდან და ზეიმობენ პირდაპირ, როდესაც ასეთი სამწუხარო ტრაგედიები ვითარდება. არანაირი მორალი, არანაირი ზნეობა, ადამიანები, რომლებიც ელოდებიან და ჩასაფრებულები არიან, რომ რაიმე სტიქია, ტრაგედია და უბედურება დატრიალდეს, ამით საზრდოობენ. შემდეგ ვუყურებთ თუ რა პოსტებს წერენ ხოლმე და რა კომენტარებს აკეთებენ. ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან ყველანაირი ადამიანური შეგნებისგან, გრძნობისგან, ზნეობისგან, მორალისგან და მაგიტომ ვეძახით ჩვენ ამათ უსამშობლოთა გაერთიანებას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები