21 ნოემბერი 2026,   15:31
ვრცლად
ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, რადგან ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენს წინ გაიარა - ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ორშაბათს განახლდება. 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ, რიგით მე-17 სხდომაზე კითხვებს ძირითადად მოპასუხე მხარე სვამდა, თუმცა მათი უმეტესობა მოიხსნა, რადგან პლენუმის განცხადებით, ფაქტობრივი მსჯელობის ნაცვლად, პარტიები სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.

"ნაციონალურ მოძრაობას" აინტერესებდა, რა მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ. მოისმინა, რომ ბევრ სხვა ფაქტთან ერთად სარჩელში დევს სტრასბურგის სასამართლოს 227 გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა სააკაშვილის თანაგუნდელებმა არცერთ ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ისევ არ აიღეს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში არიან.

"რაც მეტს ლაპარაკობენ, უფრო მეტად ამყარებენ ჩვენს სარჩელს. ისეთ აბსურდებამდე დავიდნენ, რომ წითლიძემ თქვა, თითქოს სააკაშვილი არ იღებდა გადაწყვეტილებებს "ნაციონალურ მოძრაობაში" და თითქოს ვანო მერაბიშვილი და ბატონი ადეიშვილი არ ბრძანდებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ასეთ აბსურდებამდე არიან დასულები.

ის მტკიცებულებები, რომელიც მოსარჩელის, ანუ ჩვენს მხარეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მყარია. ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენს წინ გაიარა. შესაბამისად, აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში არიან და აბსოლუტურად არანაირი თავის მართლების შანსი არ გააჩნიათ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მმართველმა გუნდმა დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერების კონკრეტული განცხადებებიც, რომლითაც, მათი თქმით, მოპასუხე მხარის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები დასტურდება.

დღის ამბები