ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხვალ საქართველოში გლოვის დღეა. შემთხვევის ადგილზე კვლავ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები მუშაობენ. მეხანძრე-მაშველებს კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მოსახლეობა კორპუსში შეჰყავთ და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია, რომელიც აცხადებს, რომ უსაფრთხოების ღობის მოწყობა დასრულებულია:
"დავასრულეთ უსაფრთხოების ღობის მოწყობა, 28 ოჯახი გადაყვანილი გვყავს სასტუმროში. ჩვენთან ერთად იმყოფება სამაშველო სამსახური და მოქალაქეები მოთხოვნის საფუძველზე აუცილებლად შევლენ და გამოიტანენ თავიანთ ნივთებს. ამ ეტაპზე გამგეობის თანამშრომლები სრულად ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე და ვაგრძელებთ სამუშაოებს.
მე, რა თქმა უნდა, როგორც გამგებელს მოქალაქეებთან მაქვს კომუნიკაცია. იციან მათ ჩვენი მოსაზრება, რომ არსებობს ჩანაცვლების პროგრამა. რა თქმა უნდა, ამ ჩანაცვლების პროგრამაში მათი 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ყველანაირად,"- აცხადებს თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია.