22 ნოემბერი 2026,   21:52
ვრცლად
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების სავარაუდო მიზეზები და ტრაგედიის ქრონოლოგია - სპეციალისტები მოსახლეობას გაზის დანადგარებისა და შიდა ქსელის შემოწმებისკენ მოუწოდებენ

19 ნოემბერი, დილის 8:47 საათი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერი - ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე, ერთ-ერთ ბინაში, 31 წლის მამაკაცი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, სავარაუდოდ, ამ ბინაში მოხდა აფეთქება. მოგვიანებით, მამაკაცმა სამართალდამცველებს უამბო, რა უძღოდა წინ აფეთქებას.

მამაკაცის თქმით, ღამით გაზის გამათბობლის ჩართვა სცადა. დილით, როცა კვლავ დააპირა გამათბობლის ჩართვა, სწორად ამ დროს მოხდა აფეთქება. სპეციალისტების შეფასებით, სავარაუდოდ, იმ დროისთვის ბინაში ბუნებრივი აირი იყო დაგროვებული. თუმცა, საიდან ჟონავდა გაზი და როდის დაიწყო გაჟონვა, ჯერ ცნობილი არ არის.

აფეთქების შედეგად, სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. ჩამოიშალა კიბის მონაკვეთები, სართულებს შორის - ბეტონის ფილები და ფასადის ნაწილი. ნანგრევები პირველ სართულამდე ჩავიდა.

ვინ იმყოფებოდა ამ დროს კორპუსში - პირველ სართულზე, საკუთარ ბინაში იყო ლალი შიშმანაშვილი, ტყუპ ქალიშვილთან ერთად. მეზობლების მონათხრობით, დედამ ტყუპებს ფანჯრიდან გადახტომისკენ მოუწოდა. გოგონები გადარჩნენ. თავად დედა კი რამდენიმე წამში ნანგრევებში მოყვა.

მეორე სართულზე, იმ დილით სახლში ვერიკო ვანიშვილი და მისი 6 წლის შვილი - არიანა, იყვნენ. ამავე სადარბაზოში, ხუთი შვილის დედა ნინო ჭელიძე ორ შვილთან - 7 წლის ნუცასა და სამი წლის თაიასთან ერთად დარჩა. მისი სამი შვილი აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე სკოლაში წავიდა.

მაშველები ნანგრევებში შვიდ ადამიანს ეძებდნენ. 8-საათიანი ძებნის შემდეგ, მეორე და მესამე სართულებს შორის სამი წლის თაია ცოცხალი იპოვეს. მისი დედა, ნინო ჭელიძე და უფროსი და, ნუცა ფხალაძე, დაიღუპნენ. ტრაგედიას ემსხვერპლნენ ვერიკო ვანიშვილი და მისი შვილი არიანა. ნანგრევებში დაიღუპა ლალი შიშმანაშვილი და 28 წლის ჯაბა საყევარაშვილი. სამძებრო სამუშაოები შუაღამისთვის დასრულდა. სამი გარდაცვლილი დღეს დაკრძალეს.

როგორ შევამოწმოთ, რამდენად უსაფრთხოა გაზის გაყვანილობა და დანადგარები ჩვენს სახლში - "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ეს მომსახურება უფასოა. შემოწმების მოთხოვნა შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს დააფიქსიროთ, ნომერზე 2 40 40 04.

სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ გაზის შიდა ქსელსა და დანადგარებს, გეტყვიან, რა საჭიროებს შეკეთებას და, თუ რომელიმე მოწყობილობის გამოყენება საფრთხეს ქმნის, მას ქსელიდან გათიშავენ. თუ სახლში გაზის სუნს იგრძნობთ, დატოვეთ ბინა და უსაფრთხო ადგილიდან დაუყოვნებლივ დარეკეთ "თბილისი ენერჯის" სწრაფი რეაგირების სამსახურში - ნომერზე 114.

დღის ამბები