22 ნოემბერი 2026,   21:34
ვრცლად
ფონიჭალის ტრაგედია - ნანგრევებში გადარჩენილი 3 წლის თაიას ისტორია და მაშველების გმირობა, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ

...იმ დღეს ბავშვები სკოლაში წასასვლელად ემზადებოდნენ, ზოგიერთი წასულიც იყო, ზოგს ეძინა, ზოგიც აივანზე იყო გასული. აფეთქების ერთმა ძლიერმა ხმამ მალევე ყველაფერი შეცვალა.

ფონიჭალაში, ხუთსართულიანი კორპუსის აფეთქების შემდეგ, ერთი სადარბაზოს ხუთივე სართული ჩაინგრა და იქ მყოფი ადამიანები ნანგრევებში მოიყოლა. თვითმხილველებს იმ წუთების გახსენება ემოციების გარეშე ახლაც უჭირთ.

აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, დედამ სამი შვილი სკოლაში გააცილა. ორ მცირეწლოვან შვილთან - ნუცასთან და თაიასთან ერთად - სახლში დარჩა. 38 წლის ნინო ჭელიძე ხუთი შვილის დედა იყო.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას იმ დღეს მეხანძრე-მაშველები 15 საათის განმავლობაში ცდილობდნენ... თაიას ერთმა ამოსუნთქვამ ტრაგედიის დღეს ყველაფერი შეცვალა და დაკარგული ადამიანების პოვნის იმედი გააჩინა.

ამ დღის შესახებ ამ პატარას ალბათ, ბევრი არაფერი ემახსოვრება, ალბათ ბევრსაც მოუყვებიან, მაგრამ ეს დღე - ყველაზე სევდიანი და იმედიანიც იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც მის გადასარჩენად საათები იბრძოლა. ნანგრევებში გადარჩენილი პატარა სიცოცხლე დღეს მხოლოდ ერთი ოჯახის კი არა - ყველას იმედია.

ნანგრევებიდან გამოყვანილი პატარა თაია ბექა დაუდაშვილმა პირველივე წუთებიდან შვილივით ჩაიხუტა... 3 წლის თაიამ თითქმის 8 საათი გაატარა ნანგრევებში, სიბნელეში, უჟანგბადობაში, მტვერში, საკუთარ თმის სამაგრს ჩაბღაუჭებულმა.

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. შენობა აღარ იყო უსაფრთხო, ვინაიდან არსებობდა განმეორებითი ნგრევის რისკი, მეხანძრე-მაშველებმა კი ამ დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს თაიას გადარჩენაც და აფეთქების პირველივე წუთებიდან ადამიანების შენობიდან გაყვანა.

სამაშველო ოპერაციის დეტალებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გვიყვება, თუმცა ემოციების გარეშე საუბარი მასაც უჭირს.

ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე ლალი შიშმანაშვილი ცხოვრობდა - 55 წლის პედაგოგი. აფეთქების დროს მასთან სახლში მისი ტყუპი ქალიშვილები იყვნენ. დებმა შენობიდან გასვლა შეძლეს. მეზობლები ჰყვებიან, რომ ქალი სიცოცხლის ბოლო წუთამდე შვილების გადარჩენას ცდილობდა. ის სოფელ იყალთოდან იყო.

ძლიერი ნგრევისა და აფეთქების პირველი წუთებიდან მეზობლებმა გაიგეს მამაკაცის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. 28 წლის ჯაბა საყევარიშვილი "საქართველოს ფოსტაში" კურიერად მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

6 წლის არიანა რისტიჩი საბედისწერო დღეს კორპუსში დედასთან ერთად იყო. ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, დედას 33 წელი შეუსრულდა. ვერონიკა ვანიშვილისა და მისი შვილის ცხედრებს მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამუშაოების შემდეგ მიაგნეს.

ხუთსართულიანი შენობის ბოლო სართულზე ცხოვრობდა 31 წლის ახალგაზრდა, რომლის ბინაშიც, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. მამაკაცს სხეულის 87% აქვს დამწვარი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. მეზობლები ჰყვებიან, რომ ის ბათუმიდან იყო თბილისში პერიოდულად ჩამოდიოდა.

შენობის აფეთქების დროს დაზარალებული პაციენტები, 3 წლის თაია და ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული 11 წლის არასრულწლოვანი, ამ დრომდე, კლინიკაში გადიან მკურნალობას.

საცხოვრებელი სახლის გარეშე 28 ოჯახია დარჩენილი, 143 ადამიანი ამ დროისთვის, სასტუმროებში ცხოვრობს. 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს.

ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერი - ახლა ამ მისამართზე ნანგრევები, მტვერი და მხოლოდ ტკივილია. მოქალაქეები მიდიან, სანთლებს ანთებენ და სათამაშოები მიაქვთ...

მაშველების გმირობის ისტორიას ახალ თაობებს მოუყვებიან. ყველაზე მძიმე დღის შემდეგ, ყველაზე ემოციური შეხვედრა კი წინ აქვთ - შეხვედრა, რომელიც მათთვის მხოლოდ ერთი ბავშვის ნახვა არ არის - ეს იმ ბრძოლის ისტორიაა, სადაც ამ პატარა სიცოცხლემ გაიმარჯვა.

დღის ამბები