22 ნოემბერი 2026,   23:05
ვრცლად
სვანეთი - მხარე, სადაც ქრისტიანულმა რწმენამ, ხალხურმა ტრადიციებმა და ადგილობრივი ოსტატების ხელოვნებამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შექმნა

სვანეთში ქრისტიანული რწმენა საუკუნეების განმავლობაში ერწყმოდა ხალხურ წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებს. აქ, მწვერვალების კალთებზე შეფენილ, ღრუბლებში ჩაკარგულ სოფლებში, უძველესი ტაძრები, მათი კედლის მხატვრობა, სვანი ოსტატების მიერ შექმნილი ხატები და მთაში შემორჩენილი თქმულებები სვანური სულიერი კულტურის უნიკალურ ისტორიას გვიამბობს.

მფარველი წმინდანი, რომელსაც სვანები ჯგრაგს უწოდებენ, საუკუნეების განმავლობაში, სიმამაცისა და სამართლიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ზემო სვანეთში, იფარის თემში, სოფელ ნაკიფარის წმინდა გიორგის ტაძარში დღემდე ინახება უნიკალური ხატწერის ნიმუში. 

აქაა საქართველოში ერთადერთი ხატი, სადაც წმინდა გიორგი დეოკლეტიანეს შუბით გმირავს.

ეთნოგრაფიული კვლევების მიხედვით, სვანეთში წმინდა გიორგის სახელობის სალოცავებს განსაკუთრებული რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა. მას შესთხოვდნენ ოჯახის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, მოსავლის სიუხვესა და განსაცდელისგან დაცვას. გიორგობის დღესასწაულები მთელ თემს აერთიანებდა - სალოცავში მისვლა სვანებისთვის სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

იფარის თემის სოფელ ადიშში, წმინდა გიორგის სალოცავთან დაკავშირებული იყო ლიჩანისობის დღესასწაული. ამ დღეს ადგილობრივები წმინდანს ოჯახის გამრავლებასა და ვაჟების მფარველობას შესთხოვდნენ.

წმინდა გიორგის უნიკალური ხატები, სალოცავების გარდა, მესტიის მუზეუმშია დაცული.

81 წლის მაყვალა ჯაფარიძე და 73 წლის დარიკო ჟორჟოლიანი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მეციხოვნეები არიან. ნახევარ საუკუნეზე მეტია, ეს ორი ადამიანი მუზეუმის ფასდაუდებელი განძია.

უძველესი ხატები, ჯვრები, საეკლესიო ნივთები, ხელნაწერები და უნიკალური ჭედური ნამუშევრები - მათმა მცველებმა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური ურთულეს პირობებში შეინარჩუნეს.

მუზეუმში დაცული ხატები ქართული ოქრომჭედლობისა და ხატწერის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოაჩენს. მათ შორისაა X საუკუნის მაცხოვრის ხატი, ღვთისმშობლის უძველესი გამოსახულებები, წმინდა გიორგის ხატები და შუა საუკუნეების უნიკალური ჯვრები.

აქ თითოეული ნივთი გვახსენებს, რომ სვანეთი მხოლოდ საგანძურის მცველი არ ყოფილა. ის ამ საგანძურის შემოქმედიც იყო.

მესტიის მუზეუმი მხოლოდ წარსულის საცავი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც საუკუნეების წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები დღესაც განაგრძობს სიცოცხლეს. მაგალითად, ქვები, რომელსაც სვანი კაცები და ქალებიც ცოდვების გამოსასყიდად კისერზე იკიდებდნენ, ან საბრძოლო იარაღები, რელიგიური სიმბოლოები, კოლხური თეთრი თუ ნაპოლეონისგამოსახულებიანი მონეტები.

სვანეთში საგანძურს მხოლოდ მუზეუმებში არ შეხვდებით. საუკუნეების განმავლობაში, ეკლესიებსა და სალოცავებში ინახებოდა ძვირფასი ხატები, ჯვრები, ხელნაწერები. მათი დაცვის პასუხისმგებლობა გვარში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამ ტრადიციის გამგრძელებელია რეზო ხოჯელანი, რომლის ოჯახსაც ლაღამის ტაძრის გასაღები აბარია.

ისტორიული განსაცდელისას, განძის მცველებს უნდა გადაერჩინათ არა მხოლოდ ნივთები, არამედ მათში განსახიერებული ისტორია და რწმენა. 

აქ ყოველი კოშკი გადარჩენის ისტორიაა, ყოველი ტაძარი - მტკიცე რწმენის, თითოეული ნივთი კი იმ თავდადებასა და პასუხისმგებლობაზე გვიყვება, რომლის წყალობითაც საუკუნეების სათქმელი ჩვენამდე მოვიდა.

დღის ამბები