22 ნოემბერი 2026,   23:22
ვრცლად
კიბოს მკურნალობის ახალი შესაძლებლობა - მეცნიერები მუშაობენ პერსონალიზებულ ვაქცინაზე, რომელიც იმუნურ სისტემას დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება

წარმოიდგინეთ მკურნალობის მეთოდი, რომელიც კონკრეტული ადამიანის სიმსივნის თავისებურებებს ერგება. მეცნიერები იღებენ კიბოს უჯრედის ქსოვილის ნიმუშს და მის გენეტიკურ ცვლილებებს იკვლევენ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ქმნიან ინდივიდუალურ პრეპარატს, რომლის მიზანია იმუნურ სისტემას კონკრეტული სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ასწავლოს.

ამ პრაქტიკას პერსონალიზებულ mRNA ვაქცინით მკურნალობას უწოდებენ. მისი ეფექტიანობა მელანომის წინააღმდეგ საერთაშორისო მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში გამოცადეს. კვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 157 ცენტრი და 1 137 პაციენტი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. ორივე ჯგუფი სტანდარტულ იმუნოთერაპიას იღებდა, თუმცა ერთს, დამატებით, პერსონალიზებულ ვაქცინასაც უკეთებდნენ. ამ ჯგუფების მონაცემების შედარებით დაადგინეს, რომ ვაქცინამ დაავადების რეციდივის ან სიკვდილიანობის რისკი 42 პროცენტით შეამცირა.

კლინიკური კვლევის ანგარიში 24 ოქტომბერს, მადრიდში, ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების საერთაშორისო კონგრესზე წარადგინეს, 11 ნოემბერს კი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა.

კვლევაში მაღალი რისკის მელანომის მქონე პაციენტები მონაწილეობდნენ. მათ სიმსივნე ქირურგიულად უკვე ამოკვეთილი ჰქონდათ, თუმცა დაავადების დაბრუნების საფრთხე კვლავ არსებობდა.

როგორ მუშაობს ვაქცინა? - mRNA უჯრედებს გზამკვლევს აწვდის, მის საფუძველზე ორგანიზმი წარმოქმნის სიმსივნისთვის დამახასიათებელ ცილოვან ფრაგმენტებს, იმუნური სისტემა მათ ამოიცნობს და ააქტიურებს სპეციალურ უჯრედებს, T-ლიმფოციტებს. სწორედ ისინი ეძებენ შესაბამისი ნიშნების მქონე სიმსივნურ უჯრედებს და ანადგურებენ მათ. ვაქცინა კიბოს პირდაპირ არ კლავს, ის ორგანიზმს ეხმარება, თავად შეებრძოლოს დაავადებას.

მსგავს მიდგომას მეცნიერები პანკრეასის კიბოს შემთხვევაშიც იკვლევენ. 2023 წელს, კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული mRNA ვაქცინა 16 პაციენტზე გამოცადეს. 8 პაციენტს ვაქცინამ სიმსივნის წინააღმდეგ სპეციფიკური იმუნური პასუხი გამოუმუშავა. 3-წლიანი დაკვირვებით, ამ რვა პაციენტიდან ექვსთან დაავადება აღარ გამოვლენილა.

პერსონალიზებული ვაქცინების ეფექტიანობას იკვლევენ სხვა სიმსივნეების: ფილტვის, შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბოს მქონე პაციენტებშიც.

თავად ვაქცინის შექმნა კომპლექსური პროცესია. მელანომის კვლევის დროს გამოყენებული ვაქცინის შემთხვევაში, სიმსივნის ნიმუშის აღებიდან მზა ვაქცინის კლინიკაში მიტანამდე დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდა. ეს კი პროცესს კიდევ უფრო ართულებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს მკურნალობის სწრაფად დაწყება ესაჭიროება.

პერსონალიზებული ვაქცინები ჯერ კიდევ შესწავლის ეტაპზეა და ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული არ არის. ახლა მეცნიერების მთავარი ამოცანაა, ვაქცინის ეფექტიანობა სხვა ტიპის კიბოს შემთხვევაშიც დაადასტურონ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში კიბოს მკურნალობა სულ უფრო მეტად მოერგება თითოეული პაციენტის სიმსივნის თავისებურებებს. დაავადების სრულად დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ახალი კვლევები მკურნალობის უფრო ეფექტიანი მეთოდების შექმნის იმედს აჩენს.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები