საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სხდომა გრძელდება. პროცესი ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომაზე, ნიკა გვარამიამ კითხვა დასვა.
"თქვენ ახლა სერიოზულად გვითხარით ჩვენ, რომ ვიდრე პარტია დაარსდებოდა საერთოდ, დესტრუქციული უარი გვაქვს ნათქვამი იმაზე, რაც არ გვქონია. ვიდრე ვიარსებებდით, წინმსწრებ პერიოდში უარი გვაქვს ნათქვამი მანდატებზე და არჩევნებში მონაწილეობაზე. გავიგე რის საფუძველზე ამბობთ, ერთიანი ორგანიზმის საფუძველზე, მაგრამ ატრიბუციას როგორ გვიკეთებთ ქმედებისა, რომელიც ჩვენს არსებობამდე დადგებოდა.“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ უპასუხა:
"იმ მომენტიდანვე, როდესაც თქვენ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, როგორც კი მისი შედეგი თქვენთვის აღარ გახდა ხელსაყრელი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საუბრობდით, რომ თურმე გაყალბება შეუძლებელია, ეს თქვენი სიტყვებია... როდესაც თქვენ მიიღეთ მონაწილეობა ამ არჩევნებში და შემდეგ უკვე შედეგები დადგა, მაშინვე კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურად გამოცხადების მცდელობები გქონდათ. არალეგიტიმაციის მცდელობები გჭირდებათ იმისათვის, რომ ისევ და ისევ, რასაც ვერ იღებთ არჩევნების გზით, უგულებელყოფა მოხდეს ქართველი ხალხის არჩევანისა და საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ იმ ძალადობრივი გზით, რაზეც არაერთხელ გქონდათ საუბარი, შეიცვალოს ქართველი ხალხის ნება და ძალადობის გზით მოხვიდეთ ხელისუფლებაში, რა განცხადებებიც თქვენს ლიდერს, თქვენს წარმომადგენელს, პარტიის დაფუძნებამდეც და პარტიის დაფუძნების შემდეგაც არაერთხელ აქვს გაკეთებული," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.