24 ნოემბერი 2026,   18:54
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 13 პირი - გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული

კოკაინი, სუბოტექსი, კეტამინი, ალფა-პვპ, კლეფედრონი, ოპიუმი, მარიხუანა და მცენარე კანაფი - სამართალდამცველები სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკების კვალზე გავიდნენ და დანაშაულის ფაქტზე 13 პირს ხელბორკილი დაადეს.

დაკავების ოპერაცია სხვადასხვა დროსა და მისამართზე მიმდინარეობდა. მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებამდე კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. პოლიციამ ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული პირების ვინაობა დაადგინა და მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა. ნარკოდამნაშავეები ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით ავრცელებდნენ.

დაკავებულების უმეტესობა ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ ადგილას ტოვებდა, ფოტოს უღებდა და სამალავის მისამართს მყიდველს უგზავნიდა.

ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდა სამკაციანი ორგანიზებული ჯგუფიც. "კურიერის" ინფორმაციით, ისინი კოკაინის გავრცელებას უწყობდნენ ხელს. პოლიციამ ჯგუფის ერთი წევრი ქუჩაში აიყვანა, დანარჩენი ორის დაკავების ღონისძიება მათ ნაქირავებ ბინაში მიმდინარეობდა. სახლიდან კოკაინთან ერთად ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობებია ამოღებული.

დადგენილია კიდევ ერთი ორგანიზებული ჯგუფი. ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს ნაქირავებ ბინაში სათბური ჰქონდათ მოწყობილი და მცენარე კანაფი მოჰყავდათ.

ირკვევა, რომ დაკავებულების ნაწილი წარდგენილ ბრალს ეთანხმება და დანაშაულს აღიარებს.

ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული სხვა პირების დასაკავებლად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს ამ დრომდე ატარებენ. დაკავებულთა რიცხვიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში კიდევ გაიზრდება.

რეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირების დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო ღონისძიებებს ყოველდღიურად ატარებს. დანაშაულის ფაქტზე დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები