სახელისუფლებო გუნდის ადრესატი ევროპარლამენტარების კონკრეტული ჯგუფია, უსამართლო დამოკიდებულების მორიგი დადასტურება კი - რეზოლუციის პროექტები საქართველოსთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, 4 ოქტომბრის საქმეზე და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორის, პაატა ბურჭულაძის დაკავებაზე - რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატების ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, ბურჭულაძის თანაორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარების მიუხედავად, სასამართლო პროცესის სამართლიანობასა და სასჯელის თანაზომიერების ეჭვქვეშ დაყენება კრიმინალის მფარველობა და უკვე აღიარებული დანაშაულის ლობირებაა.
საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტები ევროპარლამენტის ექვსმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოამზადა. მათი ნაწილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციებზე დაკავებული პაატა ბურჭულაძისა და სხვა პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, პასუხისმგებელი პირებისთვის ფინანსური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. ეს იმ ფონზე, როდესაც ძალადობრივი აქციის მონაწილეების დიდმა ნაწილმა თავად დაადასტურა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.
წარდგენილია ალტერნატიული პროექტიც, სადაც "სუვერენულ ერთა ევროპა" აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძესა და სხვა პირებს სასჯელი შეფარდებული აქვთ ჯგუფური ძალადობის, სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობისთვის, რაც, ავტორების თქმით, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის გამო განესაზღვრათ. იმავე რეზოლუციაში, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს აფრთხილებენ - არ მიმართონ პოლიტიკური ზეწოლის, სანქციებისა და საქართველოს შიდა საქმეებში უკანონო ჩარევის ფორმებს.
4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე, გამამტყუნებელი განაჩენი 64 პირის მიმართ დადგა, დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა და მოინანია - მათ შორის ორგანიზატორებმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები მაინც ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტარების ნაწილის მოთხოვნა ლოგიკურია.
ოპოზიციას და მათ გარე ლობისტებს სახელისუფლებო გუნდიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველო, შანტაჟისა და მუქარის მიუხედავად, კანონს გვერდს არ აუვლის, არც სახელმწიფო გადატრიალების პროცესის მონაწილეები გათავისუფლდებიან მონანიებისა და აღიარების გარეშე, რადგან თითოეული მათგანი პასუხისგებაში კანონის შესაბამისად მიეცა.
სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები დღეს გაიმართება. ევროპარლამენტარები რეზოლუციების შეჯერებულ ვარიანტს კენჭს ხვალ უყრიან.