"იგლ-ჰილსის" პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა. თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის განხილვა გარდაბნის კულტურის ცენტრში გაიმართა. განაშენიანების გეგმას "იგლ ჰილს საქართველო" სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ამუშავებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციის მოცულობა 6,6 მილიარდი ამერიკული დოლარია. ეს საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან ყველაზე მასშტაბური კაპიტალ დაბანდებაა, რომელიც თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი ბინების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას უნდა მოხმარდეს.
Eagle Hills Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თორნიკე ზირაქაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება:
"გავეცით პასუხი ყველა შესაბამის კითხვას, რომელიც გათვალისწინებულია პროცედურულად. რა თქმა უნდა, ჩვენ აღვნიშნეთ ის მნიშვნელოვანი ეფექტი, რაც ამ პროექტს ექნება, მათ შორის 10 000-ზე მეტი ადამიანის დასაქმება მოხდება კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ასევე გავეცით მთავარ კითხვას პასუხი, რომ უკვე 60 %-ზე მეტი მყიდველები საქართველოს მოქალაქეები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის და ჩვენი პოლიტიკისთვის, რომელსაც ვატარებთ საქართველოში.
2025-2026 წელს ჩვენ უკვე გავხდით ტოპ ინვესტორ კომპანიებს შორის საქართველოში. ყველგან, სადაც "იგლ ჰილსი" შედის ვხედავთ, რომ ბაზარი ვითარდება, საქართველოშიც აღმოჩნდა არაერთი პროექტი ჩვენი შემოსვლის შემდეგ, ჩვენი გაყიდვების ნაწილშიც ერთ დღეში ამოიყიდა ყველა შეთავაზება, რომელიც ჩვენ გვქონდა." - აცხადებს თორნიკე ზირაქაშვილი.