26 ნოემბერი 2026,   20:50
ვრცლად
თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებს შეხვდა. შეხვედრაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი მონაწილეობდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მსმენელებს წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის სპეციფიკა, სტრუქტურა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გააცნო. თინათინ ნიბლოშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას სამოქალაქო ინტეგრაციის, პროფესიული განვითარებისა და საჯარო მმართველობის პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისთვის.

ჟვანიას სკოლის მსმენელებმა ქართული ენის შესწავლის პროცესზე, მიღებულ ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა და სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს.

დღის ამბები