საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ზურაბაშვილი-ჰერჩინსკის შეხვედრას ეხმაურება, აღნიშნულ შეხვედრაზე ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ ეთხოვა იმ პირთა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, ვინც "თვითნებურად დაკავებულთა შორის" იგულისხმებიან.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, "ცივილიზაციური უფსკრული" იმაშიც მდგომარეობს, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს ღირებულებით საწყისებს აშორებს და ტყუილსა და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილისწამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს.
"ცილისწამება - "ცრუ ბრალდებების ან დამახინჯებული ცნობების გაჟღერება, რაც სხვას ცილს სწამებს და მის რეპუტაციას აზიანებს" (მირიამ-ვებსტერის ლექსიკონი).
როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ "თვითნებურად დაკავებული პირები," მაგრამ ვერ ასახელებ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა, და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას "სიტყვის კონითაც."
ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს," - წერს პაპუაშვილი.