27 ნოემბერი 2026,   18:14
ვრცლად
უკვე ხორციელდება ღონისძიებები იმისათვის, რომ მოხდეს მისი მოძიება, დაკავება და შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება - პროკურორი თურქი ბიზნესმენის მეჰმეთ უიარის შესახებ

ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქ ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასზე ძებნა გამოცხადდა.

პროკურორი, გიორგი დოლაკიძე აცხადებს, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა არგუმენტები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა, საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და პირს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით მიესაჯა:

"პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებოდით, ვინაიდან არაერთი მტკიცებულება იქნა წარდგენილი, რომელიც ადასტურებდა პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მომზადდა შესაბამისი საჩივარი, რაც განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. სასამართლომ სრულად გაიზიარა არგუმენტები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა, საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და პირს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ჩვენს მიერ წარდგენილი იყო არაერთი პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, რომლებიც ცალსახად ადასტურებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლო და ამ შემთხვევაში, მიიღო სრულიად სწორი, სამართლიანი და კანონიერი განაჩენი. უკვე ხორციელდება ღონისძიებები იმისათვის, რომ მოხდეს მისი მოძიება, დაკავება და შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება." - აცხადებს პროკურორი.

 

დღის ამბები