28 ნოემბერი 2026,   00:19
ვრცლად
სულხან თამაზაშვილი​: ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია, რომ დღის პირველ ნახევარში ქომაგებმა დადეს პროვოკაციული შინაარსის ბანერები სოციალურ ქსელებში. ჩვენ მოვახდინეთ ეფექტური პრევენცია, საზღვარზე 100-მდე პროვოკაციული შინაარსის ბანერი იქნა ჩამორთმეული

"საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ბანერების შემოტანა ქვეყანაში და დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული", - შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, ძალიან ეფექტურად იმუშავეს.

სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად ამ საუბრის ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა საუბრის დროს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

"მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერია ჩვენი საუბარი, თუმცა რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი დღეს და დავდებდი და აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდათ ძალიან ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს.

ჩვენ მოვახდინეთ ძალიან ეფექტური პრევენცია. საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში და დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული.

ამის შესახებ მალევე, მატჩამდე ჯერ კიდევ, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. თუმცა მოგვიანებით, სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე ჩემს კოლეგას და ავუხსენი მათ შორის ის, რომ ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს სტადიონზე, რეალურად პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს. ეს დაახლოებით, თუ არ ვცდები, 14-15 საათზე, გავრცელდა ეს ბანერები ღია წყაროებში და საღამოს უკვე აღკვეთილი იყო და არც ერთი ბანერის გამოყენება სტადიონზე მატჩის, სპორტული ღონისძიების დროს არ მომხდარა, რაც არის საამაყო", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

დღის ამბები