26 ნოემბერი 2026,   22:06
ვრცლად
შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ

"ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა" - პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას მოჰყვა. ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეჯერებული დოკუმენტით ევროპელი დეპუტატების ნაწილი საქართველოში დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ისევ ითხოვს. გულისხმობენ მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა დოკუმენტში ახალი გვარებიც ჩაწერეს.

სიას 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ორგანიზატორების სახელები და გვარები დაემატა - ერთ-ერთი პაატა ბურჭულაძეა. თბილისი სტრასბურგს შეახსენებს, რომ ხელისუფლების დამხობა საოპერო ხელოვნება არ არის და ის ისეთივე სისხლის სამართლის დანაშაულია, როგორც ეს ბრიუსელში ან სხვა ევროპულ დედაქალაქში იქნებოდა.

ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულია ბრიუსელში, ავსტრიაში და ევროპის ყველა წერტილში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "პოლიტიკურ პატიმრად" ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული. ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნა მართლაც ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი პირდაპირ უცხადებს მხარდაჭერას ძალადობას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას. დასანანია, რომ პოლ-ჰენრი სპააკის, რობერტ შუმანის და სიმონე ვეილის ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიანეს, მალგორჟატა გოშიევსკას და პეტრას აუშტრევიჩიუსის დონეზე დაეშვა.

441 მომხრე 47 წინააღმდეგი მოწინააღმდეგეების და ალტერნატიული რეზოლუციის მიუხედავად, ევროპარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ევროპელი დეპუტატების ნაწილისთვის საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. ალტერნატიული რეზოლუციის ავტორების თქმით, თბილისისთვის დემოკრატიის გაკვეთილებს ჩატარებას სჯობს ის ჯერ ბრიუსელმა გამოიყენოს. მოწოდებები ისმოდა თავად ევროკავშირის მისამართითაც. ევროპელი დეპუტატების მეორე ნაწილი კი მიზნობრივ სანქციებს და სავიზო აკრძალვების დაწესებას მოითხოვდა

ძალადობრივი აქციების დროს, უმძიმესი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების შეწყალების, 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორების მხრიდან დანაშაულის აღიარების და საპროცესო შეთანხმებების გაფორმების ფონზე ევროპარლამენტარების ნაწილის მიდგომა პრემიერ მინისტრისთვის აუხსნელი და აბსურდულია.

ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციაში. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური მოტივით დაკავებულად არც სააკაშვილს მიიჩნევს და 4 ოქტომბრის მოვლენებსაც დანაშაულებრივს უწოდებს , არასაპარლამენტო პარტიებში კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ორგანიზატორების გათავისუფლება რეზოლუციის გარეშეც უნდა მოხდეს.

ევროპელი დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობისთვის ევროპული სტრუქტურების ლუსტრაციის ნაწილია. სახელისუფლებო ძალისთვის რეზოლუცია აჩვენებს, რომ ევროპარლამენტს დემოკრატიის დეფიციტი და დაუბალანსებელი პოლიტიკა აქვს.

რეზოლუციის კენჭისყრის შემდეგ თბილისში შეხვედრა შედგა ევროკავშირის ელჩთან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის უთხრა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ის ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ელჩს უთხრეს ისიც, რომ ევროკავშირმა უნდა დაასახელოს ვის მოიაზრებენ "თვითნებურად დაკავებულთა შორის" მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სამართლებრივი შედეგები დამდგარია.

დღის ამბები