09 აგვისტო 2026,   00:39
ვრცლად
ლოკარნოს კინოფესტივალი - 70 ქვეყნიდან 200-ზე მეტი ფილმი "ოქროს ლეოპარდისთვის" იბრძვის

70 ქვეყნიდან 200-ზე მეტი ფილმი, 103 მსოფლიო პრემიერა და ბრძოლა "ოქროს ლეოპარდისთვის".

კინოსამყაროს მთელი ყურადღება ამ დღეებში შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოსკენაა მიმართული. მაჯორეს ტბის სანაპიროზე 79-ე ფესტივალი მიმდინარეობს - ადგილი, სადაც კინოს დიდ სახელებს ახალი თაობის რეჟისორები ხვდებიან.

ღონისძიების მთავარი სივრცე პიაცა გრანდეა. ღია ცის ქვეშ მოწყობილი კინოთეატრი ყოველდღიურად ათასობით ადამიანს მასპინძლობს.

წლევანდელი ფესტივალი რობერტო როსელინის ქალიშვილის, იზაბელა როსელინის, დაჯილდოებით გაიხსნა. მსახიობს ფესტივალმა საპატიო „ლეოპარდი“ გადასცა - ჯილდო, რომელიც კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში 17 ფილმია. მათ შორისაა იტალიელი რეჟისორის, ჯოვანი ტორტორიჩის, ნამუშევარი, რომელიც იკვლევს ადამიანის კავშირს ადგილთან, წარსულთან და საკუთარ იდენტობასთან. ფილმი ყურადღებას პერსონაჟების შინაგან სამყაროზე, მათ ემოციურ მდგომარეობებსა და იმ უხილავ დაძაბულობებზე ამახვილებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების მიღმა არსებობს.

პროგრამაშია ჩილელი რეჟისორების, კრისტობალ ლეონისა და ხოაკინ კოსინას, ფილმიც. „პრინცესა ბურო“ ვიზუალურად გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც ანიმაციას, ზღაპრულ სამყაროსა და მითოლოგიურ მოტივებს აერთიანებს. დუეტი თავისი უნიკალური სტილითაა ცნობილი.

„Nobody’s Violence“ კანადელი რეჟისორის, დენის კოტეს, ნამუშევარია. კოტეს კინო ხშირად გამოირჩევა მინიმალისტური თხრობით, მკაცრი ვიზუალური სტილითა და ადამიანის ქცევის ღრმა დაკვირვებით.

ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება. ეს ის ადგილია, საიდანაც მრავალი კინორეჟისორისა თუ მსახიობის წარმატებული კარიერა დაწყებულა. გამარჯვებულები 15 აგვისტოს გამოვლინდებიან.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები