თბილისის მერი, კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის ზურაბაშვილი-ჰერჩინსკის შეხვედრას აფასებდა. საუბარია შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ ეთხოვა იმ პირთა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, ვინც "თვითნებურად დაკავებულთა" შორის იგულისხმებიან.
კალაძის განცხადებით, "თვითნებურად დაკავებულები" არ არსებობენ, ხოლო კონკრეტული პირები დაკავებულნი არიან ძალადობაზე, პოლიციელების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, მძიმე საგნების სროლასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე.
"არ არსებობენ ასეთი ადამიანები და, შესაბამისად, ძალიან კარგად იციან მათ ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც არიან დაკავებულები, დაკავებულები არიან ძალადობაზე, პოლიციელების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, დაკავებულები არიან სხვადასხვა მძიმე საგნების სროლაზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებით და რა ვიცი ახლა, შეგვიძლია ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბროთ.
შესაბამისად მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, არ შეუძლიათ დაასახელონ ვისზე საუბრობენ. ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და რა ვიცი იმ მუქარებით, იმ შანტაჟით, რაც უკვე ბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურობად იქცა, აგრძელებენ ამ ფორმატში თავიანთ განცხადებებს და რეზოლუციების მიღებას," - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.