აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის, ანზორ მარგიანის განცხადებით, გია ბარამიძეს აფხაზეთის ომში არ უომია და მისი ბრალდებები ტყვეთა დახვრეტის შესახებ სრული სიცრუეა.
მარგიანის თქმით, ქართული მხარე ტყვეებს არასდროს ხვრეტდა, რადგან თითოეული ტყვე ცოცხლად სჭირდებოდათ ტყვეთა გაცვლისა და ტყვედ ჩავარდნილი თანამემამულეების გამოსახსნელად, ხოლო რეალური სისასტიკე და დახვრეტები აფხაზურმა მხარემ ჩაიდინა, როდესაც ჟიული შარტავა, გენო ადამია და სხვა ქართველი გმირები შეიწირეს.
"გია ბარამიძე რომელი ტყვეების გამცვლელი იყო, ომში მაგას არ უომია. ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში - მე ვიყავი გარნიზონის კომენდანტი, ბრიგადის მეთაურის მოადგილე. რომ ჩამოვიდა, მოითხოვა "კასკა" და "კასკა" ჰქონდა "კლიჩკა". დადიოდა, სურათებს იღებდა, გამორბოდა თბილისში. მერე ხან სოხუმში ჩადიოდა, ხან ჩვენთან იყო და ტყვეების დახვრეტა მაგან სად ნახა?! ჩვენ ტყვეებს არ ვხვრეტდით.
ერთი ტყვე რომ დაგვეხვრიტა, იმით ორ-სამ ქართველს ვკლავდით, იმიტომ, რომ ერთ ტყვეში სამი-ოთხი ქართველი გამოგვყავდა. როგორ დავხვრეტდით ტყვეებს? რაც შეეხება ტყვეების დახვრეტას, ყველამ იცის, მსოფლიომ გაიგო - თვითონ აფხაზებმა დახვრიტეს ბატონი ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბისკირია, მამია ალასანია... მორჩილი იყო ანდრია კამანელი - ისიც. ჩვენ როგორ ვხვრეტდით? მსოფლიომ ნახა, ვინ ხვრეტდა. ბარამიძე ცრუობდა და ან დავალება ჰქონდა ვიღაცის, ან არეულობა სჭირდებოდა,“ - აცხადებს ანზორ მარგიანი.
ცნობისთვის, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართული მხარე სამხედრო ტყვეებს ხვრეტდა, რასაც საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ომის საწყის ეტაპზე ტყვეებს არა ქართული ჯარი, არამედ ოჯახის წევრების დაკარგვით გამწარებული ხალხი ხოცავდა. აღნიშნულ განცხადებებს მმართველ გუნდსა და ვეტერანთა ორგანიზაციებში ქართული ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.