10 ნოემბერი 2026,   09:59
ვრცლად
არსებითი ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო გამარტივდება სხვადასხვა საარჩევნო პროცედურა - გიორგი ჩაკვეტაძე "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე

პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვა გრძელდება. დღეს დეპუტატები დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს სესიაზე უყრიან. პროექტის მიხედვით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება.

ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადებიც.

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო კოდექსის დახვეწას ემსახურება მიზნად.

"აუცილებელია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების კუთხით, ასევე საარჩევნო ვადებთან მიმართებით გასწორდეს, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს დოკუმენტი.

არსებითი ცვლილებები გულისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო გამარტივდება სხვადასხვა საარჩევნო პროცედურა, რაც საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული. თითოეული მათგანი ემსახურება იმას, რომ საარჩევნო სისტემა როგორც არჩევნების დღეს, ასევე მანამდე წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გამართული და ორგანიზებული იყოს", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

დღის ამბები