პარლამენტის თავმჯდომარე პრაღაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, მათ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს. დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის თქმით, მაღალი დონის ვიზიტების გარდა, საქართველოს შეუძლია ჩეხეთთან უკვე მუნიციპალიტეტების და რეგიონების დონეზეც ითანამშრომლოს.
"ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გარდა ზოგადად სახელმწიფო და ასეთი მაღალი დონის ვიზიტებისა, ჩვენ შეგვიძლია ჩეხეთთან უკვე მუნიციპალიტეტების და რეგიონების დონეზეც ვითანამშრომლოთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საერთო აქვს ჩეხეთს და საქართველოს რეგიონების თვალსაზრისით და ვფიქრობ, მომავალში უკვე ამ მიმართულებით განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობას", - განაცხადა ზვიად შალამბერიძე.
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. საუბარი შეეხო - შუა დერეფნის განვითარების მიზნით პარტნიორობის გაძლიერებას, ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას. ასევე, აქცენტი გაკეთდა - საქართველოსა და ჩეხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.