პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, გადაცემაში "დებატები" ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა.
მახაშვილის განცხადებით, 2022 წელს არსებული გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა, ეკონომიკური განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა შეინარჩუნა.
ამასთან, ლევან მახაშვილის თქმით, ხელისუფლება სრულად აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის მოზომილი, ფრთხილი, მაგრამ, ამავდროულად, პრინციპული და პრაგმატული.
"აკადემიურ სფეროში ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ხოლმე, მოწყვეტა რეალური ცხოვრებიდან. თეორიული საუბრები, თეორიულ წიაღსვლებში შესვლა და რეალობას მოწყვეტა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ სწორედ ასეთ სიტუაციას ვაკვირდებით. მაგრამ პრაქტიკა არის სხვა და პრაქტიკა არის მწარე რეალობა. ეს მწარე რეალობა არის ის, რომ 2022 წელს საქართველო დადგა იმ გამოწვევების წინაშე, რისი წინაშეც დადგა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებებიც მივიღეთ იმ მომენტისთვის შესაბამისი, იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ჰქონდა ხელისუფლებას და ასე, ამ ფორმით ქვეყანას შევუნარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკური განვითარების თუ ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა.
დიახაც, სწორედაც, რომ ჩვენ რომ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთი საფრთხეა, სწორედაც რომ არ არის აქ მალტის სიტუაცია თუ ირლანდიის, დიახაც, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთს, როგორც საფრთხეს; დიახაც, რომ ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებით არაერთხელ წარსულში. სწორედ აქედან გამომდინარეა ჩვენი პოლიტიკა მოზომილი, ფრთხილი, მაგრამ რუსეთთან მიმართებით, ამავე დროს პრინციპული და პრაგმატული.
სწორედაც რომ ხალხთან გვაქვს ჩვენ შეხვედრა და სწორედაც რომ ხალხის დაკვეთაა კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა ვიღაცების იდეოლოგიურ ბრძოლებში ჩართვა. ამიტომაც არის საქართველოს პოლიტიკა ის, როგორიც არის, ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესით - ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივის შენარჩუნება.
პარტნიორობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. მე მაინც პოზიტიურად დავრჩები ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს იმისი იმედი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში ამ გაუგებრობების გადალახვას. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით. იქნება საკითხები, რაზეც ალბათ ისევ დარჩება უთანხმოება, მაგრამ არის ძალიან ბევრი თემა, რაზეც შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდის გარშემო," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.