09 აგვისტო 2026,   00:38
ვრცლად
ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელსაც ჩვენი მტრები წარმოადგენდნენ ხოლმე, იყო ეს რეზოლუცია, მითითებულია, რომ აქ იყო ძალის გადამეტება და სხვა ისეთი უარყოფითი მომენტები, რომელზედაც დათანხმება არაფრით არ შეიძლებოდა - თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, 2008 წლის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით წინა ხელისუფლებამ ქართულ ჯარს არაადეკვატური ძალის გამოყენება და სამხედრო დანაშაულები დააბრალა.

მისივე თქმით, ამ დოკუმენტით ოპოზიციამ სეპარატისტული რეგიონების ლეგიტიმაციისთვის გზა გახსნა, ხოლო მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანა ამგვარი მძიმე შედეგებისგან იხსნა.

"ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება, რომელსაც ჩვენი მტრები წარმოადგენდნენ ხოლმე, იყო ეს რეზოლუცია. იმიტომ, რომ მითითებულია, რომ აქ იყო ძალის გადამეტება, აქ იყო არაადეკვატური ძალის გამოყენება და სხვა ისეთი უარყოფითი მომენტები, რომელზედაც დათანხმება არაფრით არ შეიძლებოდა. იმის გამართლება, რომ იქ სიტყვა ოკუპაციაც ეწერა, არაფრით არ შეიძლება, როდესაც ასეთი ტიპის სამხედრო დანაშაულებზე არის იქ მითითება.

ეს დადანაშაულება რომ მომხდარიყო, ეს გამოიწვევდა არა მხოლოდ ამ ადამიანების დასჯას, რომლებიც გმირულად იცავდნენ საქართველოს ინტერესებს, კიდევ უარესიც მოხდებოდა. ეს გზას გაუხსნიდა ამ სეპარატისტული რეგიონების ლეგიტიმაციას. იმიტომ, რომ როდესაც სამხედრო დანაშაულს ჩადიხარ ვინმეს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, იქ საერთაშორისო სამართალი დაჩაგრულის მხარეს იხრება. აი, ეს ააცილა ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს. ასე რომ, აქედან თავს ისინი ვერ დაიძვრენენ. ეს შავ ლაქად დარჩება მათ ბიოგრაფიებს, ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ეს უნდა გავიხსენოთ არა იმიტომ, რომ ვიღაცას წამოვაძახოთ, არამედ იმიტომ, რომ საშვილიშვილოდ არასდროს აღარ განმეორდეს ასეთი ტიპის შეცდომები," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები