2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაჩვენებელი, სულ მცირე, 25%-ით უნდა შემცირდეს. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. პროცესში ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო უწყება ჩაერთო და სამუშაოები ეტაპობრივად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება.
განსაკუთრებულ ყურადღება სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ეთმობა. არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისთვის საგზაო აუდიტისა და ინსპექტირების არეალი გაფართოვდება. პროცესში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
ეროვნული სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ეკისრება.
დოკუმენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შემდგომი განვითარებაა. მიზანი ქვეყანაში არსებული ავტოპარკის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
საგზაო შემთხვევების შედეგად გამოწვეული მძიმე შედეგების შემცირებაში საკუთარი ფუნქცია ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს. უწყება მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.
წინასწარ განსაზღვრულ რეგიონებში, გზების უსაფრთხოების ხარისხისა და არსებული რისკების შეფასება - სპეციალისტები საერთაშორისო მეთოდოლოგიით ჩაატარებენ კვლევებს, რის საფუძველზეც რეკომენდაციები მომზადდება და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება. 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა უკვე დამტკიცებულია. წელს სამუშაოები აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში დაიწყება.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მგზავრებისა და ქვეითების უსაფრთხოებაზე ზრუნვა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა უწყების ჩართულობით მომზადებული სახელმწიფო დოკუმენტიც სწორედ ამას მოწმობს. პრემიერ-მინისტრი საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოწინავე ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ გარანტად მიიჩნევს.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა. დოკუმენტის შემუშავების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დარგში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.