07 აგვისტო 2026,   23:57
ვრცლად
ეროვნული ღირებულებების დასაცავად საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა იწყება

ეროვნული ღირებულებების საკანონმდებლო დონეზე დაცვის მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარლამენტში პირველი შეხვედრა გამართეს. ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფას შორის - საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტისგან საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვენ. კონსულტაციებზე მათ სრული მხარდაჭერა მიიღეს.

იურისტები, კანონმდებლები, ისტორიკოსები - საინიციატივო ჯგუფი საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უზიარებს. პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რატომ არის საჭირო ეროვნული ფასეულობების კანონით დაცვა.

არჩილ გორდულაძემ საინიციატივო ჯგუფს პირობა მისცა, რომ ეროვნული ღირებულებების დაცვის მიზნით კანონი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდება. მისი განმარტებით, ღირებულებების შეურაცხყოფის არაერთი ფაქტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ბაზაზე საპარლამენტო უმრავლესობამ მუშაობა უკვე დაიწყო.

კრიტიკის შეზღუდვა მიუღებელია, თუმცა ეროვნულ ფასეულობებსა და სიწმინდეებზე მიზანმიმართული თავდასხმა საზოგადოების გახლეჩას ემსახურება - მმართველი გუნდი შესაბამისი დამცავი მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს.

საინიციატივო ჯგუფი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს. კონსულტაციები პარლამენტშიც გაგრძელდება. საკანონმდებლო ინიციატივას კი, სავარაუდოდ, სექტემბერში დაარეგისტრირებენ. სწორედ კანონმდებლებმა უნდა მისცენ დოკუმენტს საბოლოო რედაქცია.

დღის ამბები