საკუთარი ქმედებების გადაფარვის მცდელობაა სახელისუფლებო პარტიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღი შეცვალოს. 12 წელია მიხეილ სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს 7 აგვისტოთი ჩანაცვლებას ცდილობს. ამ მცდელობას ოფიციალური დოკუმენტები ეწინააღმდეგება. ერთ-ერთი მთავარი კი მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბრძანებაა. საკუთარი ხელმოწერით სააკაშვილი ადასტურებს, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით, სწორედ 8 აგვისტოს შემოვიდნენ. სააკაშვილის ბრძანების გარდა, ანალოგიური თარიღია მითითებული ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც.
"ნაციონალური მოძრაობის" შეცვლილ პოზიციას, ოფიციალური დოკუმენტების გარდა, სატელევიზიო არქივიც ადასტურებს. 2014 წლამდე სააკაშვილი აგვისტოს ომის თარიღს ყოველ წელს 8 აგვისტოს აღნიშნავდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ პოზიცია შეიცვალა - ომის დაწყების თარიღიც სადავო გახადეს და 8 აგვისტოს ნაცვლად 7 აგვისტო დაასახელეს.
სააკაშვილის მანიპულაციურ პოზიციას "ნაციონალური მოძრაობა" არ ცვლის. 12 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წელსაც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მივიდნენ. კითხვაზე, რატომ შეცვალეს პოზიცია, პასუხობენ, რომ 2014 წლამდე 7 აგვისტოს გამორჩევას საჭიროდ არ თვლიდნენ, 12 წლის წინ კი სწორედ 7 აგვისტოზე აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვნად მიიჩნიეს.
მმართველი პარტიისთვის სააკაშვილის გუნდის დამოკიდებულება სპეკულაციურია. საპარლამენტო უმრავლესობაში ორ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. აცხადებენ, რომ ომის თარიღის შეცვლის მცდელობის უკან საზოგადოებაში მეტი პოლარიზაციის შეტანისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომების დაფარვის ინტერესი დგას.
2008 წლის ომის თარიღის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით კითხვები მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ წევრებთან არ არსებობს. შეკითხვების ადრესატები ყოფილი "ნაციონალებიც" არიან. გიგი წერეთელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ამბობს, რომ ისტორიული დეტალები დაზუსტდა და ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო საერთო მოსაზრების საფუძველზე ჩამოყალიბდა.
ისტორიის გადაწერა ვერ მოხდება - "ქართული ოცნების" ლიდერები "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შეახსენებენ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული ჩანაწერების შეცვლას მათი პოლიტიკური შეფასებები ვერ შეძლებს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი სრულდება. ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა 120-ზე მეტი დასახლება.