09 აგვისტო 2026,   01:46
ვრცლად
რატომ ვერ გახდა 2008 წლის აგვისტოს ომი "ნაციონალური მოძრაობისთვის" საკმარისი საფუძველი რუსეთის წინააღმდეგ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად - პარტიის მოქმედი და ყოფილი წევრების განცხადებები

412 დაღუპული და 2 232 დაჭრილი, საკუთარ სამშობლოში დევნილი 30 000-ზე მეტი მოქალაქე და საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი120-ზე მეტი ქართული დასახლება - რატომ ვერ გახდა 2008 წლის აგვისტოს ომი "ნაციონალური მოძრაობისთვის" და მათი მხარდამჭერებისთვის საკმარისი საფუძველი რუსეთის წინააღმდეგ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად? მმართველი გუნდის წევრებისთვის, 2008-2012 წლებში, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტი სახელმწიფოსადმი, "ნაციონალური მოძრაობის" მოღალატეობრივი საქმიანობის ნათელი დადასტურებაა.

2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთთან არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ოკუპანტთან თანამშრომლობის გაღრმავება დაიწყო - ომიდან რამდენიმე თვეში სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდა, შემდეგ კი აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. რუს ტურისტებს საზღვარზე თავად მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" რუსეთი ოკუპანტი 2022 წლის შემდეგ, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ გახდა. როგორ იქცა რუსეთი ომის დამნაშავედ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ - ამ კითხვის საპასუხოდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ყოფილ სახელისუფლებო გუნდში ერთიან პოზიციაზე ვერ შეჯერდნენ. ოპოზიციური პარტიის როგორც მოქმედმა, ისე ყოფილმა წევრებმა, დღეს დაუფარავად განაცხადეს, რომ რუსეთისადმი "ლოიალური" დამოკიდებულება არაღიარების პოლიტიკისა და დიპლომატიური გზით ოკუპანტი სახელმწიფოს "იძულებისთვის" იყო აუცილებელი.

გარე ძალების უსიტყვო დაქვემდებარება და საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა "დიფ სთეითის" პოლიტიკური დღის წესრიგისთვის - ასე ფასდება პრემიერ-მინისტრის მხრიდან ყოფილი სახელისუფლებო ისტებლიშმენტის ქმედებები. ირაკლი კობახიძე 4 დღის წინ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ანტირუსული კამპანიის 2008 წლის ნაცვლად 2022 წელს დაწყებას, გლობალური პოლიტიკის თამაშის წესებითა და ოპოზიციური პარტიის აგენტურული საქმიანობით ხსნის.

პრემიერ-მინისტრისა და მმართველი გუნდის წევრების მოსაზრებებს წერილით ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც გამოეხმაურა. შათირიშვილი წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. დიფ სთეითის მორჩილების ქვეშაა. ფილოსოფოსის აზრით, 2008 წელს საქართველოში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, გავლენიანი უცხო ძალებისა და მაშინდელი ხელისუფლების შეთანხმებით უხმაუროდ ჩაიარა. ფილოსოფოსის სიტყვებით, სააკაშვილის მთავრობამ, აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის ნაცვლად, ხელი შეუწყო გლობალური თამაშის წესებისა და ყალბი რუსოფობიური პოლიტიკის დამკვიდრებას.

დღის ამბები