აფხაზეთის ომში დაღუპული ოჯახის წევრები გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურებიან და შეშფოთებას გამოხატავენ. მათი თქმით, მსგავსი განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს და სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.
“ეს არის ისტორიული ფაქტების დამახინჯება და შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანების ხსოვნას და ღირსებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. საინტერესოა რა პასუხი ექნება გიორგი ბარამიძეს, ვინ მოაწყო ქართველთა გენოციდი აფხაზეთში? თუნდაც იმ ფაქტზე, ვინ დახვრიტა გაგრაში აყვანილი ტყვეები? ვინ თამაშობდა ქართველების თავებით გაგრის სტადიონზე? ვინ მარხავდა ცოცხლად აყვანილ ქართველ ტყვეებს? ვინ დახვრიტა კამანში მამა ანდრია და უამრავი ქართველი? ვინ გადაწვა მთლიანად სოფლები?
ჩვენ მხარს ვუჭერთ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის განცხადებას, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოიძიოს გიორგი ბარამიძის ყოვლად მიუღებელი და მოღალატეობრივი განცხადება”, - აცხადებს აფხაზეთის ომის დროს დაღუპულის ოჯახის წევრი ნესტან დაჩიბერიძე.